საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” განცხადება
გვინდა გამოვეხმაუროთ ბატონ ილია კოკაიას 16 ნოემბრის წერილს, სადაც კლუბიდან წასვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აკეთებს:
ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში პრობლემები მრავლად დაგროვდა, ერთ-ერთი ასეთი კი საკონტრაქტო სისტემის ხელყოფა და კერძო მფლობელობაში მყოფი გუნდების უფლებების დარღვევაა. აღნიშნული ფაქტები სპობს და ხელს უშლის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ გუნდებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მმართველი ორგანიზაციაა და იგია პასუხისმგებელი ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ვალდებულია მიიღოს პრევენციული ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული დაპირისპირებები კლუბსა და ფეხბურთელებს შორის. აღნიშნული ფაქტები ლახავს ქართული ფეხბურთის იმიჯს.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ვალდებულები არიან გაუფრთხილდნენ კლუბებს, იმ პრეზიდენტებს, რომლებიც საკუთარ ინვესტიციებს დებენ სპორტის ამ სახეობაში.
როდესაც, კერძო ინვესტორი განცხადებას აკეთებს კლუბიდან წასვლაზე, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. დღეს, “ზესტაფონის” პრეზიდენტი წავიდა ქართული ფეხბურთიდან, ხვალ და ზეგ მისი ბედი შესაძლოა სხვამაც გაიზიაროს, რაც საბოლოოდ სავალალოს გახდის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ფეხბურთს.
თითზე ჩამოსათვლელად გვყავს ადამიანები, რომლებიც საკუთარ ინვესტიციებს ახორციელებენ ქართულ ფეხბურთში. ასეთ ადამიანებს გვერდში დგომა და მოფრთხილება სჭირდებათ.
მიგვაჩნია, რომ ბ-ნ ილია კოკაიას ქართული ფეხბურთისათვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მომავალშიც შეუძლია სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა. საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ერთ-ერთია, რომელიც მუდმივად იცავს “ფეარ პლეის” პრინციპებს. ასევე გუნდმა ევროპაში წარმატებით დაიცვა ქართული ფეხბურთის სახელი და იმედი გვაქვს მომავალშიც გააგრძელებს.
გვჯერა, ქართულ ფეხბურთში არიან კომპეტენტური, ამავდროულად ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ და სტკივათ დღევანდელი მდგომარეობა. სწორედ, ასეთი ადამიანების ერთმანეთის გვერდში დგომით შეიძლება გამოსავლის პოვნა და ქართული ფეხბურთის სწორ გზაზე დაყენება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი ილია კოკაიას წასვლა “ზესტაფონის” პრეზიდენტის პოსტიდან დროებითია და იგი კვლავ დაბრუნდება ქართული ფეხბურთის სამსახურში.
ს.კ. “საბურთალო”