საფრანგეთის ნაკრებმა რევანში აიღო
უკრაინაში ანგარიშით 2:0 მარცხის შემდეგ ევროპულმა პრესამ საფრანგეთის ნაკრების თავკაცის დიდიე დეშამის კრიტიკა დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო. თავისი შეცდომების გამოსასწორებლად 45 წლის სპეციალისტის გუნდს საპასუხო შეხვედრაში სასურველი ანგარიშით უნდა მოეგო.
საბოლოოდ, ფრანგებმა ამ სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხეს. 22-ე წუთზე პიატოვის კარი მამადუ სახომ აიღო. 12 წუთში უკრაინელთა კიპერის კარში მეორე გოლი გავიდა, რომელიც ქარიმ ბენზემამ გაიტანა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის ამ გოლს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვება, რადგან, დიდი ალბათობით, ბენზემამ ეს გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. რა თქმა უნდა, „მამლებს“ შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა არ სურდათ. მითუმეტეს, რომ უკრაინელები 49-ე წუთიდან კაცნაკლულნი იყვნენ. თავისი გუნდის სურვილი პირველი გოლის ავტორმა მამადუ სახომ დააკმაყოფილა, რომელმაც 72-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც – 3:0 დააფიქსირა.
შედეგად, დეშამის გუნდმა რევანშის აღება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.
საფრანგეთი – უკრაინა 3:0
გოლები: სახო 22′, 72′, ბენზემა 34′
საფრანგეთი: ლორისი, დებუში (სანია 78′), ვარანი, სახო, ევრა, მატუიდი, პოგბა, კაბაიე, ვალბუენა, ბენზემა (ჟირუ 82′), რიბერი
უკრაინა: პიატოვი, მანდზიუკი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, როტანი, ედმარი, იარმოლენკო, ბეზუსი (გუსევი 65′), კონოპლიანკა, ზოზულია (სელეზნიოვი 76′)
გაფრთხილებები: სახო, ევრა, დებუში – როტანი, ხაჩერიდი, მანდზიუკი
გაძევება: ხაჩერიდი 47 (მეორე ყვითელი ბარათი)