საფრანგეთმა არგენტინა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 30, 2018

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მერვედფინალისტის ვინაობა ცნობილია და ეს საფრანგეთის ნაკრები გახლავთ, რომელმაც ყაზანში არგენტინა დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი რეალური მომენტი მე-9 წუთზე “მამლებს” მიეცათ, როდესაც არგენტინელთა კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. ანტუან გრიზმანმა თითქმის იდეალურად შეასრულა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა. მე-13 წუთზე ევროპელებმა ანგარიში მაინც გახსნეს: ფრანგებმა მეტოქე სწრაფ კონტრშეტევაზე დაიჭირეს, საჯარიმოში შეჭრილი კილიან მბაპე კი მარკოს როხომ წააქცია და მსაჯმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი გრიზმნამა ზუსტად შეასრულა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ სამხრეთამერიკელებს განსაკუთრებული სათამაშო უპირატესობა არ მოუპოვებია, მთელი ტაიმის განმავლობაში ფრანგები უფრო მხნედ უტევდნენ, თუმცა 41-ე წუთზე არგენტინელებმა ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე ანგარიში მაინც გაათანაბრეს: ანხელ დი მარიას შორეული გასროლის შედეგად წონასწორობა აღდგა – 1:1.

შეხვედრის მეორე ნახევარში მოვლენები ძალზედ სწრაფად განვითარდა. 48-ე წუთზე “ალბისელესტე” დაწინაურდა. სტანდარტის შესრულების შემდეგ ბურთი ლიონელ მესის მიუვიდა, რომელმაც კარში გაისროლა, დარტყმულს მიმართულება გაბრიელ მერკადომ შეუცვალა, უგო ლორისს საპირისპირო მხარეს ნახტომი უკვე გაკეთებული ჰქონდა დასაკუთარი გუნდი ვერ იხსნა. 57-ე წუთზე ბენჟამინ პავარმა ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 2:2. შემდეგ იყო მბაპეს ხუთწუთიანი მონაკვეთი, რამაც შეხვედრაში მთავარი გარდამტეხი როლი შეარულა. ახალგაზრდა ფრანგმა ჯერ 64-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ 68-ეზე და არგენტინელებს მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა. დარჩენილ დროში სამხრეთამერიკელებმა სერხიო აგუეროს გოლით ერთი ბურთი გაქვითეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და მსოფლიოს ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშნენ.

საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალურ ეტაპზე ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსოფლიოს ჩემპიონატი
მერვედფინალი
საფრანგეთი — არგენტინა 4:3 (1:1)
გოლები: გრიზმანი 13′, პავარი 57′, მბაპე 64′, 68′ — დი მარია 41′, მერკადო 48′, აგუერო 90+3′

მსგავსი სიახლეები