საფრანგეთმა პორტუგალია ბოლოს ჩატარებული 10 მატჩიდან ათივეჯერ დაამარცხა
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ერთმანეთს პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ამ გუნდებს შორის ბოლო გამართული ათი მატჩიდან ათივე შემთხვევაში გამარჯვებულები ფრანგები დარჩნენ, აქედან ყველაზე დიდი ანგარიშით “მამლებმა” 2001 წელს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვეს, როდესაც მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. პორტუგალიის ნაკრებმა საფრანგეთი უკანასკნელად შორეულ 1975 წელს დაამარცხა. მაშინ პორტუგალიელებმა ამხანაგურ მატჩში 2:0 იმარჯვეს. ამ გუნდებს შორის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის სექტემბერში, ლისაბონში გაიმართა. აღნიშნული ამხანაგური მატჩი მატიე ვალბუენას გოლის წყალობით საფრანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 1:0 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2016-ის ფინალური მატჩი კვირას, 10 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.