საფრანგეთმა ურუგვაი დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს (ვიდეო)
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა: სამხრეთამერიკელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ედინსონ კავანი ვერ ეხმარებოდა, ევროპელებმა კი დისკვალიფიცირებული ბლეზ მატუიდი მოისაკლისეს. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ორივე გუნდი სიფრთხილეს იჩენდა და გარისკვას ერიდებოდა. შესაბამისად, სახიფათო მომენტი არცთუ მრავლად შეიქმნა, თუმცა ანგარიში პირველივე ნახევარში გაიხსნა: მე-40 წუთზე ანტუან გრიზმანმა სტანდარტიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ კი თავით რაფაელ ვარანმა დაარტყა და გაიტანა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს მარტინ კასერესს თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ უგო ლორისმა შესანიშნავი სეივით საკუთარი გუნდი იხსნა და ტაიმი “მამლების” გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი 16 წუთის დაწყებული იყო, როცა სამხრეთამერიკელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გრიზმანის შორეული დარტყმის შემდეგ ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერა უხეშად შეცდა, უხეიროდ მოიგერია და ბურთი კარში შევარდა – 0:2. დარჩენილ დროში სამხრეთამერიკელებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს და ტურნირს გამოეთიშნენ, ფრანგები კი ნახევარფინალში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე ბრაზილიასა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
ურუგვაი — საფრანგეთი 0:2 (0:1)
გოლები: ვარანი 40′, გრიზმანი 61′.