საფრანგეთს მეოთხედფინალში ურუგვაი შეხვდება, პორტუგალია შინ ბრუნდება (ვიდეო)
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ეროვნული გუნდის მეტოქე ურუგვაის ნაკრები იქნება, რომელმაც მერვედფინალურ რაუნდზე პორტუგალია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
სოჭში გამართულ მატჩში სამხრეთამერიკელები მალევე დაწინაურდნენ: შეხვედრის მე-7 წუთზე ლუის სუარესმა მეტოქის საჯარიმოში გამოზომილად ჩააწოდა, გადაცემას კი ედინსონ კავანი ეფექტური თავური დარტყმით გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. მატჩის პირველი ტაიმი ურუგვაელებმა კი მოიგეს, თუმცა სათამაშო უპირატესობა მეტოქეს დაუთმეს, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც. 55-ე წუთზე წონასწორობა აღდგა. პორტუგალიელებმა კუთხური გაითამაშეს, რაფაელ გერეირომ ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ ხოსე ხიმენესისა და დიეგო გოდინის ყურადღების არეალში კრიშტიანუ რონალდუ მოექცა, რითაც თავისუფლად დარჩენილმა პეპემ ისარგებლა და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ევროპელებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ. 62-ე წუთზე ედინსონ კავანიმ მეტოქის კარში ბურთი იდეალური ტრაექტორიით ამჯერად უკვე ფეხით გაგზავნა და ურუგვაის ნაკრები კვლავ დაწინაურდა – 2:1. დარჩენილ დროში პორტუგალიელებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი 6 ივლისს ჩატარდება.
მსოფლიოს ჩემპიონატი
მერვედფინალი
ურუგვაი — პორტუგალია 2:1 (1:0)
გოლები: კავანი 7′, 62′ — პეპე 55′.