საპოვნელა – გაგრა 2:1
დღეს, თერჯოლაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების მეშვიდე ტურის შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ თერჯოლის „საპოვნელას“ სტუმრობდა. შეხვედრა გაგრელთა უპირატესობით დაიწყო და ორჯერ, ნიკა ჭკუასელის გადაცემის შემდეგ, აბაიომი ოვონიკოკო გადიოდა მეკარესთან პირისპირ და ორივეჯერ უხეიროდ გაისარჯა – ჯერ კარში დარტყმა ვერ მოახერხა, არადა პასის გაკეთება შეეძლო იქვე მყოფ ჟიშკარიანზე, ხოლო შემდეგ კი მეკარე ვერ მატყუა, არადა, ნამდვილად ადრე მართებდა კარში დარტყმა. ერთ-ერთ ეპიზოდში გუგა ფალავანდიშვილმა ტრავმა მიიღო და მე-17 წუთისთვის მინდვრის ნაადრევად დატოვება მოუწია. ამის შემდეგ ოვონიკოკოს კიდევ ორჯერ შეეძლო უკეთესად თამაში, მაგრამ ორივეჯერ არაზუსტად იმოქმედა და საქმე კარში დარტმამდე არ მისულა. ერთხელ მასპინძლებმაც შემოგვიტიეს, როდესაც შავგულიძემ თავით დაუგდო ბურთი იაკობ დეისაძეს, მას მეკარე ბეგაშვილმა დაასწრო და სიტუაცია განმუხტა. ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც დავით ბაქრაძემ ხელით ითამაშა და რომ არა მისი ამგვარი საქციელი, აბაიომი ოვონიკოკო მეკარესთან პირისპირ რჩებოდა. რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. მატჩის 44-ე წუთზე კი მატჩში პირველი გოლი გავიდა. გაგრელებმა ბურთი მოიგერიეს, რომელიც ზაურ ქარდავას მიუვიდა, ამ უკანასკნელმა მეტოქეს ბურთი თავზე კი გადაუგდო, მაგრამ შემდეგ მაისურზე დაქაჩეს, მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა, ქარდავა გაჩერდა და თამაშში აღარ ჩაერთო, რასაც შავგულიძის გარღვევა და დაახლოებით 24-25 მეტრიდან შორეული დარტყმა მოჰყვა, მეკარე ბეგაშვილის ნახტომი ამაო იყო – 1:0.
მატჩის მეორე ნახევარში „გაგრას“ ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება – ჯერ იყო და ნიკა ჭკუასელმა ვერ შეძლო კარში დარტყმა, ხოლო მეორედ ლაშა კალანდაძის თავური მეკარემ ნახტომში მოიგერია. იყო ეპიზოდი, როდესაც გადრანი და ბეგაშვილი შეცდნენ და მეტოქემ ამით ვერ ისარგებლა, შავგულიძის დარტყმული კარს ასცდა. მალე კი ანგარიში გათანაბრდა. ჯარიმა დაინიშნა გიორგაძის კარის მიმართულებით და რატი ცაცკრიალაშვილმა ბურთი პირდაპირ ცხრიანში ჩასვა, ულამაზესი გოლი გაიტანა.
მატჩის 82-ე წუთზე „საპოვნელამ“ გამარჯვების გოლი გაიტანა. სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა ჩვენი გუნდის კარის მიმართულებით. დარტყმული გიორგი ბეგაშვილს ხელებში მისდიოდა, თუმცა დაჭერა ვერ შეძლო და გადმოვარდნილ ბურთს იაკობ დეისაძემ ადგილი კარის ბადეში მიუჩინა 2:1.
12 ოქტომბერი. თერჯოლა. ცენტრალური. 1500 მაყურებელი
საპოვნელა – გაგრა 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 შავგულიძე 44, 1:1 ცაცკრიალაშვილი 71, 2:1 იაკობ დეისაძე 82
საპოვნელა: გიორგაძე, ბაქრაძე, ბუცხრიკიძე (ჭრელაშვილი 66), ენდელაძე, ჩხიკვაძე, იაგო დეისაძე (აბულაძე 78), ცქიფურიშვილი, სირაძე, შუღლაძე, შავგულიძე, იაკობ დეისაძე (დარსაველიძე 88).
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაგრა: ბეგაშვილი, ხარაბაძე, კალანდაძე, გადრანი, ჭაბუკიანი, ფალავანდიშვილი (ზაურ ქარდავა 17, ზარნაძე 46), ცაცკრიალაშვილი, ჟიშკარიანი, კაკუბავა (ხოჯაშვილი 71), ჭკუასელი, ოვონიკოკო.
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
გაფრთხილება: ბაქრაძე 39; ცაცკრიალაშვილი 48, ჭაბუკიანი 80
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)
FCGagra.GE