საქართველო 50:6 გერმანია
ბორჯღალოსნებმა 2017 წლის “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მეორე მატჩიც დიდი ანგარიშით და ბონუსით მოიგეს. მილთონ ჰეიგის შეგირდებმა, ბელგიის სტუმრად ძლევის შემდეგ, რუსთავში უმასპინძლეს გერმანიას და 50:6 დაამარცხეს.
ქართველმა მორაგბეებმა 8 ლელო დადეს. პირველ ტაიმში გიორგი კოშაძემ ორი, ხოლო გიორგი ფრუიძემ – ერთი ლელო გაიტანეს, მერაბ კვირიკაშვილმა კი სამივე გარდასახა და ტაიმი 21:6 დასრულდა.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ქულა ვეღარ აიღეს, ბორჯღალოსნებმა კი კიდევ 5 ლელო მიითვალეს. თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს გიორგი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ, ბოლო ლელო კი მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა. კვირიკაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ თითო გარდასახვა გაიტანეს.
გერმანიასთან მე-100 კეპის მოხვეჭით პირველი ქართველი ‘ცენტურიონი’ გახდა მერაბ კვირიკაშვილი. შედგა ლაშა ტაბიძის, გელა აფრასიძისა და გიორგი მჭედლიშვილის დებიუტი.
ბორჯღალოსნები მომდევნო მატჩს ორ კვირაში (4/03) ესპანეთში გამართავენ.
Rugby.ge