საქართველო 6-0 ყაზახეთი
მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე სათამაშო დღეს, პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა. ნოდარ აკობიას გუნდი ყაზახებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად – 6:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო:
გოშაძე, კაპანაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, ლაშხია, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა
გოლები: ჯობავა, ლაშხია, კიკნაძე (2), მიქელთაძე, გოშთელიანი
17-წლამდელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი, მეტოქის კარში კიდევ ორი ბურთი გაიტანეს. ამის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებები განახორციელა. ჩვენს ფეხბურთელებს უამრავი საგოლე მომენტები ჰქონდათ. ყაზახებს კი, ფაქტიურად, არც შეუტევიათ გოშაძის კარისთვის. მატჩის უკანასკნელ წუთზე კი, გურამ გოშთელიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფში ყაზახებთან და ირანელებთან ერთად ასპარეზობს. გუშინ, ტურნირის პირველ სათამაშო დღეს, ირანელებმა 3:2 დაამარცხეს ყაზახეთის ნაკრები. ხვალ კი, საქართველოს ნაკრები ირანის გუნდს შეხვდება და ასე გაირკვევა ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ბურთების შეფარდებით, სწორედ, პირველ ადგილზეა.
სფფ-ის პრესსამსახური