საქართველო – ბელგია | წინასამატჩო პრესკონფერენცია
დღეს აია არენაზე საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების მწვრთნელებმა და კაპიტნებმა ტრადიციული წინა-სამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.
მილთონ ჰეიგი განვლილი ერთი კვირით კმაყოფილია:
„მთელი კვირა ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ვთვლი, რომ პირველი მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. დავამუშავეთ ძველი სისტემები და დავნერგეთ გარკვეული სიახლეები.
„კარგია ამ თამაშს ქუთაისი რომ მასპინძლობს. რაც ნაკრების მწვრთნელი ვარ, თბილისს და რუსთავის გარეთ პირველად ვთამაშობთ და ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში ქუთაისელი მორაგბეები მრავლად გვყავს და ისინი თავიანთი ოჯახებისა და მეგობრების წინაშე ითამაშებენ“.
გიორგი ნემსაძე ქომაგს ღია თამაშს პირდება:
„პირველი კვირაა რაც შევიკრიბეთ და ეს დრო მოსამზადებლად საკმარისი არასდროსაა. მიუხედავად ამისა, მზადებამ კარგად ჩაიარა. კონცენტრაცია ჩვენს თამაშზე გავაკეთეთ და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დავამუშავეთ.
„შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშეა, რომელთაც ნაკრების კვართით ბევრი არ უთამაშიათ, ხოლო ორი სულაც დებიუტანტია. ვფიქრობ, გაშლილი, ლაღი თამაში უნდა გამოგვივიდეს.
„ნაკრების კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა და მიჭირს ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა. მადლობა მილთონს ნდობისთვის და ვეცდები ისეთი ღირსეული კაპიტანი ვიყო, როგორებიც ჩვენს ნაკრებს აქამდე ყავდა“.
ბელგიის თავკაცმა გიომ აჟაკმა აქცენტი ბორჯღალოსნების სიძლიერეზე გააკეთა:
„საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. ის ძალიან დიდი მეტოქე და იმდენად ძლიერი გუნდია, რომ ამ გათამაშებაში კი არა, 6 ერში უნდა თამაშობდეს. ხვალ მათთან დაპირისპირებით უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ“.
„მთავარ მწვრთნელს ეთანხმება კაპიტანი თომას დინსტი, თუმცა ხვალ ბოლომდე ბრძოლას გვპირდება:
„საქართველოს წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. ვიცი, რომ ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მჯერა, ხვალ ჩემი ბიჭებით ვიამაყებ. გავალთ და ბოლომდე დავიხარჯებით, თუმცა იმასაც კარგად ვიაზრებთ, რაოდენ ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვიწევს თამაში. გავიმეორებ მწვრთნელის სიტყვებს და ვიტყვი, რომ საქართველო უდაოდ უნდა იყოს მე-7 ერი, ბევრად უფრო ძლიერ ჩემპიონატში“.
Rugby.GE