საქართველო ექვს ერშია – ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!

თარიღი: დეკემბერი 19, 2018

ქართველი მსაჯების – შოთა თევზაძისა და ნიკა ამაშუკელის კარიერული წინსვლა თავბრუდამხვევი ტემპებით მიმდინარეობს. 2019 წელს ორივე იმსაჯებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე, ამაშუკელი კი, გახდება პირველი ქართველი, რომელიც ექვსი ერის ჩაკეტილ კარს შეაღებს!

ამ წარმატებას ორივე მათგანმა უდიდესი შრომის ფასად მიაღწია. ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშის შემდეგ, ნიკას და შოთას აქტიურ სპორტულ კარიერაზე თავის დანებება ტრავმების გამო მოუწიათ, თუმცა რაგბის სიყვარულმა იმძლავრა და მსაჯობას, საქართველოში არაპოპულარულ სპეციალობას მოკიდეს ხელი.

მსაჯი თამაშის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც მოთამაშე და მსაჯების განვითარების გარეშე რაგბის განვითარებაზე და წინსვლაზე საუბარიც არ შეიძლება. ამ მიმართულებას დიდი ყურადღება დაუთმო რაგბის კავშირმა, ახალგაზრდა ბიჭებმაც საკუთარი როლი კარგად გაითავისეს, დაუღალავი ვარჯიშების პარალელურად ინგლისურ ენას დაეუფლნენ და სამი წლის წინ მათთვის ევროპის კარი გაიხსნა – ყველაზე დაბალი, რაგბი ევროპის მესამე დივიზიონიდან, 2019 წლიდან კი, ისინი ევროპული რაგბის მწვერვალზე აღმოჩნდებიან.

ქართულ რაგბს მხარში დაუდგა ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტი, რომელმაც ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებაზე იზრუნა და ნელ-ნელა ისინი საერთაშორისო რაგბს გაუშინაურდნენ, სხვადასხვა დონის ეტაპები სწრაფად გაიარეს და ტესტ-მატჩებშიც დამკვიდრდნენ.

თევზაძე ურუგვაიში, ამაშუკელი ინგლისში

ივნისში, 24 წლის შოთა თევზაძემ ურუგვაიში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასზე ორი შეხვედრა იმსაჯა და კარგი შეფასება მიიღო:

„მსგავს ტურნირზე ორი წლის წინ რუმინეთში ვიმსაჯე. მაშინ გამოუცდელი ვიყავი და შესაძლოა, ყველაფერი კარგად არ გამომივიდა. წელს პირადად მეც კმაყოფილი დავრჩი და შეფასებებიც დადებითი მივიღე. ეს საკმაოდ სეროზული ტურნირია, რადგან ეროვნული და წამყვანი სარაგბო ქვეყნების „ა“ ნაკრებები იღებენ მონაწილეობას. ვიმსაჯე ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და არგენტინა XV, ასევე ურუგვაისა და იტალია XV-ის შეხვედრები. ვიგრძენი, რომ გამოცდილების შეძენის ფონზე, ბევრი რამ გამოსწორებული მქონდა. ჩვენი მასწავლებლი, ირლანდიელი დევიდ მაკქიუც კმაყოფილი დარჩა“ – ამბობს თევზაძე.

ურუგვაი მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების ერთ-ერთი მეტოქეა. ქართველი მსაჯი ფიქრობს, რომ სამხრეთ ამერიკელები ჩვენამდე ჯერ შორს არიან, თუმცა ნაკრების მწვრთნელებს და მორაგბეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

„ურუგვაის ნაკრები განვითარებადი გუნდია, რომელმაც ბოლო დროს ისეთი თამაშები მოიგო, რაზეც თავადაც ვერ იფიქრებდა. მაგრამ მათ ჩვენს ნაკრებთან ვერ გავაიგივებდი. ვთვლი, რომ მოთამაშეების შერჩევითაც და განვითარების დონითაც, მათზე ბევრად წინ ვართ და დიდ კონკურენტად არ მივიჩნევ, თუმცა ეს რაგბია, 80 წუთის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მეტოქის დაუფასებლობა, შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს. ამიტომ, მსოფლიო თასზე მათ სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. შეიმჩნეოდა ისიც, რომ საქართველოში რაგბი უფრო პოპულარულია, ვიდრე ურუგვაიში“.

ნოემბერში შოთამ რაგბი ევროპის „ალაფაზე“ შვეიცარიისა და ჰოლანდიის ნაკრებების შეხვედრა განსაჯა. რაგბი ევროპაზე მას და ზოგადად ქართველ მსაჯს, აქამდე ამ დონის თამაში ნამსაჯი არ ჰქონდა და კმაყოფილი დარჩა, მით უმეტეს, რომ ნამატჩევს სიურპრიზი ელოდა:

„ჩემი აზრით, ნაკრებების თამაში ყოველთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე კლუბების და აქაც დიდი გამოცდილება მივიღე. კარგი თამაში გამოდგა. ვფიქრობ, ჰოლანდიას ბევრი აღარ აკლია რაგბის ევროპის ჩემპიონატის გუნდებამდე და ის გაისად დაწინაურებისთვის იბრძოლებს. ამ თამაშში კიდეებიდან შოთა ცაგარეიშვილი და ილია მჟავანაძე მეხმარებოდნენ, რაც ქართული რაგბისთვს ასევე მნიშვნელოვანია. ამ ბიჭებმაც მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება და ეს ჩვენს შიდა ჩემპიონატს წაადგება. ვთვლი, რომ იქ ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარე და სწორედ მისი დასრულების შემდეგ მითხრეს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დამნიშნეს“.

ნოემბერში ინგლისში გაემგზავრა ნიკა ამაშუკელი, რომელიც იაპონიისა და რუსეთის ნაკრებების ტესტ-მატჩზე კიდის მსაჯი იყო და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რეფერის, ჟერომ გარსეზის ასისტენტად იმუშავა:

„ნოემბრის ტესტებზე მოხვედრა საკმაოდ რთულია, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია. ჩემთვის ეს პირველი ტესტ-მატჩი იყო და ჟერომ გარსეზისთან მომიწია მუშაობა, მსაჯთან, რომელიც ჩემი და ძალიან ბევრი სხვა სპეციალისტის მოსაზრებით, მსოფლიოს მსაჯთა მოწინავე სამეულში შედის და ძალიან დიდი შანსია, რომ მსოფლიო თასის ფინალიც იმსაჯოს“.

„მასთან ერთად მუშაობა უდიდესი გამოცდილება იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან კარგი შეხვედრა გამოვიდა (იაპონიამ მეორე ტაიმში შეძლო თამაშის შემოტრიალება და 32:27 იმარჯვა). მატჩის მსვლელობაში ოთხჯერ ჩავერთე და გარჩევაზე ითქვა, რომ ოთხივე ეს გადაწყვეტილება ზუსტი იყო. მოგვიანებით ჟერომმა მომწერა და მადლობა გადამიხადა, რადგან ზუსტად შევასრულე ის დავალება, რომელიც თამაშამდე მომცა“.

„გარსეზისთან მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი. ის იყო მშვიდი მოედანზე და უპირატესობის წესს ძალიან კარგად განკარგავდა. მე მის ადგილას 3-4 ჯარიმით მეტს დავდებდი, ის კი თამაშს უწყობდა ხელს და გუნდებიც მიყვებოდნენ. პატარ-პატარა დეტალებით ჩანდა, რატომაა ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი. შევეცდები, ეს დეტალები მეც გამოვიყენო და პრინციპში, უკვე გამოვიყენე კიდეც“.

საკლუბო რაგბი და უახლოესი მიზანი – ჩელენჯ ქაფი

სეზონის დასაწყისში ამაშუკელი და მსაჯთა მენეჯერი ლუკა კილასონია საფრანგეთში, „მარკუსიზე“ იმყოფებოდნენ, სადაც ევროპის პროფესიული კლუბების კავშირი ტრადიციულ შეხვედრებს მართავს, ხდება გასული სეზონის ჩემპიონთა თასის, ჩელენჯ ქაფისა და კონტინენტის ფარის შეხვედრების შეფასება, მსაჯთა ტესტირება და ახალი სეზონისთვის მათი დანიშვნა.

ქართველი მსაჯები ევროტურნირებში მეორე სეზონია მსაჯობენ და „კონტინენტის ფარზე“ ქართულმა ბრიგადებმა წელსაც იმუშავა. ამაშუკელმა საბა აბულაშვილთან და ირაკლი ჭანუკვაძესთან ერთად, ოქტომბერში ბელგიელი ბარბაროსები XV-ისა და ‘პეტრარკას’, ხოლო დეკემბერში აბულაშვილთან და თორნიკე გვირჯიშვილთან ერთად ‘როვიგოსა’ და ბელგიელი ბარბაროსები XV-ის მატჩები იმსაჯა.

„მარკუსიში“ გვითხრეს, რომ რაგბი იხვეწება, მაყურებელი სულ უფრო გათვითცნობიერებული ხდება თამაშის წესებში, მსაჯებზე წნეხი იზრდება და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ. გადაწყვეტილება უნდა მიიღო, თუნდაც 80 ათასი მაყურებელი ამის წინააღმდეგ იყოს. გავიარეთ მძიმე ფიზიკური და თეორიული ტესტები“ – გვიყვება ტესტების შესახებ ამაშუკელი და აგრძელებს:

„ვგრძნობ, რომ ჩელენჯ ქაფიც არაა შორს და ამისთვის ვემზადები. EPCR-ის მსაჯების ხელმძღვანელმა ჟოელ ჟუშმა მითხრა, რომ ამისთვის დროა საჭირო, უნდა დავიმსახურო ნდობა, გამოვავლინო ყველა ის თვისება, რაც ამ დონის ტურნირისთვისაა საჭირო და ჩელენჯ ქაფის თამაშებსაც მანდობენ. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა მომავალ სეზონში მოხდეს. ჟუშთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მან პირადად მითხრა, რომ სურს უმაღლეს დონეზე მიხილოს. მის სიტყვებს ძალიან მალე მოყვა მაღალი დონის დანიშვნები“.

სანამ მაღალი დონის დანიშვნებზე გადავალთ გეტყვით, რომ შოთა თევზაძემ „კონტინენტის ფარზე“ ონისე მოგელაშვილთან და სულხან ჩიხლაძესთან ერთად ‘პადოვასა’ და ბელგიელი ბარბაროსები XV-ის მატჩი იმსაჯა. ის „მარკუსის“ ყოველწლიურ შეკრებაზე საპატიო მიზეზის გამო ვერ ჩავიდა – დაოჯახდა, თუმცა სწავლების პროცესს არ ჩამორჩა:

„საფრანგეთში ვერ წავედი, მაგრამ მივიღე დირექტივები და ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა, აქ გავიარე. შედეგად, მივიღე დანიშვნა „კონტინენტის ფარის“ მატჩზე, რომელშიც იტალიური ‘პადოვა’ ბელგიურ ფრენჩაიზს ეთამაშა. საკმაოდ კარგი შეხვედრა გამოდგა, მოლოდინს გადააჭარბა. დიდ 10-თან შედარებით უფრო სწრაფი და ლაღი თამაში გამოდგა. მეც და მოთამაშეებმაც სიამოვნება მივიღეთ და გამოცდილებაც შევიძინე. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი, უწინარესად სწორედ გამოცდილებას გმატებს და მნიშვნელოვანია“.

ნოემბერში შოთა რუმინეთში მიიწვიეს, სადაც ამ ქვეყნის თასზე ბუქარესტული კლუბების დაპირისპირება იმსაჯა და ეს ქართველი მსაჯების კიდევ ერთი აღიარებაა.

რაგბი ევროპაზე ორი მსაჯით!

ამ ყველაფერს ლოგიკური გაგრძელება მოყვა და ნიკა და შოთა თებერვალში ევროპის რანგით მეორე (ექვსი ერის შემდეგ) ტურნირში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდებიან, იქ, სადაც ყოველი წლის დასაწყისში ბორჯღალოსნები თამაშობენ. აღსანიშნავია, რომ ქართველ მსაჯებს ამ დონის ტურნირზე მიწვევა აქამდე არასდროს მიუღიათ.

თევზაძე თებერვალის დასაწყისში (9) ბელგიისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრას განსჯის:

„რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩზე დანიშვნა განვლილი წლების შრომის შედეგია და ამან ძალიან გამახარა. ეს საკმაოდ მაღალი დონეა. აქამდე ქართველი მსაჯებიდან ერთა თასის შეხვედრა მხოლოდ გია ამირხანაშვილმა იმსაჯა, როდესაც მსაჯებმა ვერ მოახერხეს თბილისში ჩამოსვლა, ოფიციალური მოწვევა კი პირველებმა მე და ნიკა ამაშუკელმა მივიღეთ. ეს აშკარად წინგადადგმული, დიდი ნაბიჯია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ქართული რაგბისთვის. როდესაც ევროპის დონით მეორე სანაკრებო შეჯიბრზე, იქ, სადაც შენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს, ორი მსაჯი გყავს, პატივისცემაც იზრდება. ნაკრები, გუნდები და მსაჯები ერთად უნდა განვვითარდეთ და ამ მიმართულებით უდიდესი წარმატება გვაქვს“.

„არ ველოდი, რომ აეთ ასაკში რაგბი ევროპის უმაღლოს დონეს მივაღწევდი, რადგან ასაკს და გამოცდილებას ევროპაში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. საბედნიეროდ, გაჩნდა ამის პერსპექტივა და ჩვენის მხრიდან მონდომებას არ დავაკლებთ“.

ერთი კვირის შემდეგ, რუმინეთისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრაზე მთავარი მსაჯი უკვე ამაშუკელი იქნება.

„უდიდესი წარმატებაა, როდესაც კაცთა რაგბის ამ დონის ტურნირზე თამაშს განდობენ. გვქონდა საუბრები, რომ ამ დონეზე აუცილებლად ავიდოდით, მაგრამ არ ველოდით ასე მალე თუ მოხდებოდა. ვფიქრობ, რუმინეთისა და გერმანიის შეხვედრა საინტერესო გამოვა. რუმინეთს რეგრესი აქვს, გერმანია პროგრესირებს. შარშან, „კონტინენტის ფარის“ ნახევარფინალში, გერმანიის ჩემპიონმა ‘ჰეიდებერგმა’ რუმინეთში ‘ტიმიშუარას’ მოუგი. მოედანზე მრავლად იყვნენ ნაკრების მოთამაშეები და ვფიქრობ, გერმანელები იოლად ახლაც არაფერს დათმობენ“.

პირველად – „უცხო კაცი“ ექვს ერში

პირველად ექვსი ერის სტრუქტურაში, სადაც ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის კაცთა, ქალთა და 20-წლამდელთა ნაკრებები თამაშობენ, არა ამ ქვეყნების წარმომადგენელი გამოჩნდა და ის ქართველი მსაჯია!

 

ელიტაში პირველმა ფეხი ნიკა ამაშუკელმა შედგა, რომელიც 9 მარტს ინგლისში, მასპინძელთა და იტალიელთა 20-წლამდე ნაკრებების მატჩში ცენტრალური მსაჯი იქნება.

„არ ველოდი ექვსი ერის თამაშზე დანიშვნას… 20-წლამდელთა ექვსი ერი ელიტის ნაწილია და ეს როგორც ჩემთვის, ასევე ქართული რაგბისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს. ექვსი ერი დაკეტილი საზოგადოებაა და პირველად ხდება, რომ არა ექვსი ერის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნის მსაჯი, ამ ტურნირში ჩაერთვება. იქ უდიდესი კონკურენციაა, უმაღლესი დონის მსაჯები მუშაობენ და მათთან ერთად უდიდეს გამოცდილებას შევიძენ, რაც საბოლოოდ ისევ ქართულ რაგბს წაადგება. მქონდა საუბარი ჩემს მასწავლებელთან, ირლანდიელ დევიდ მაკქიუსთან, რომელიც ძალიან მეხმარება და მან მითხრა – ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ სხვა ქართველ მსაჯებს გზა გავუკვალო უმაღლესი მწვერვალისკენ“.

„ჯერ არ ვიცი ვინ იქნებიან ჩემი ასისტენტები. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას, რადგან ინგლისში, ინგლისის ნაკრების თამაშის მსაჯობა დიდი პატივი და საპასუხისმგებლო საქმეა. ვიცით როგორ უყურებენ ინგლისელები რაგბის თამაშებს და დიდი ინტერესით ველოდები მომავალი ვარსკვლავების შეხვედრას, ასევე შეფასებას მაყურებლისგან და სპეციალისტებისგან“.

რა იყო გადამწყვეტი, რამაც ამაშუკელს ასეთ დონეზე მსაჯობის უფლება მოუტანა? ის ფიქრობს, რომ:

„კარგი გამოძახილი მქონდა 20-წლამდელთა „ალაფაზე“, სადაც ერთადერთი მსაჯი ვიყავი, რომელმაც ოთხი თამაში ვიმსაჯე და რანგით ასეთი დონის ტურნირის კარგად ჩატარება, ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე საკლუბო ტურნირებზე და ყველა საერთაშორისო მატჩზე, კარგ შეფასებას ვიღებდი. სეზონის დასაწყისშიც, „მარკუსიში“, მსაჯების შეკრებაზე ტესტები ყველაზე კარგად ვირბინე. დიდი დახმარება გამიწია ჟოელ ჟუშმა, რომელიც ჩემს მიმართ კეთილგანწყობილია“.

„ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ქართული რაგბის გამარჯვებაა და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონს გოჩა სვანიძეს, დავით შუბითიძეს და ლუკა კილასონიას. რაგბის კავშირი ჩვენს მიმართ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას არ იშურებს და სწორედ ამის დამსახურებაა, მე და შოთამ ასეთ სიმაღლეებს რომ მივაღწიეთ“.

საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები
რაგბი

დე ბრუინი საქართველოს ნაკრებში?

13 იანვარს, საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის გამგეობაში განაცხადი შეიტანა. როგორც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო XV | 30 კაციანი რაზმი ტურნესთვის

საქართველო XV-მა (საქართველოს მეორე ოროვნული ნაკრები) ქუთაისში ორ ეტაპიანი შეკრება დაასრულა და 12 იანვარს (გამთენიას) […]...
წაკითხვა
რაგბი

გელა აფრასიძის ლელო “რასინგის” წინააღმდეგ (ვიდეო)

21 დეკემბერს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-11 ტურში “რასინგმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და ანგარიშით 29:25 […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ხელშეკრულება დაიდო

2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთი აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთანამშრომლობის 11-წლიან […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო XV | არგენტინისთვის 35 შეირჩა

საქართველო XV-ის სამწვრთნელო შტაბმა ის 35 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2020 წლის იანვარში, არგენტინული ტურნესთვის მოემზადებიან. […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება

2020 წლის 7 ნოემბერს ბორჯღალოსნები საფრანგეთის ნაკრებთან მეორე ტესტ-მატჩს გამართავენ, პირველს მსოფლიო თასს მიღმა. საქართველოსა […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე სერიოზულ ტრავმას გადაურჩა – ფიჯელი მორაგბის წითელი ბარათი (ვიდეო)

23 ნოემბერს, ჩელენჯ თასზე “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “სკარლეტსი” მიიღო და მეტოქე 17:16 დაამარცხა. შეხვედრის 42-ე […]...
წაკითხვა
რაგბი

კურიოზი: როცა ჩელენჯ თასზე ქართველი მსაჯი ქართველ მორაგბეს ხვდება (ვიდეო)

23 ნოემბერს, ჩელენჯ თასის მეორე ტურში “უოსპსმა” საკუთარ მოედანზე “აჟენი” მიიღო და მეტოქე 32:14 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის სარაგბო ნაკრების მწვრთნელი “არსენალში” მუშაობაზე ფიქრობს

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯოუნსი, სპორტის სახეობის შეცვლაზე ფიქრობს. ესპანელი ტაქტიკოსი თავის თავს […]...
წაკითხვა
რაგბი

გოჩა სვანიძე: “პირდაპირ გეტყვით, მილტონ ჰეიგს შეეშინდა”

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ 2019 წლის მსოფლიო თასი შეაფასა და მილტონ ჰეიგის შესახებ […]...
წაკითხვა
რაგბი

ქართული შერკინება აღარ მოსწონთ – რაგბის მსოფლიო თასის გვერდის ფოტო სოციალურ ქსელში

სექტემბერში, რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების შერკინების მიმართ პატივისცემა სახალისო ფოტოთი გამოხატა, რომლის […]...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ბოლო ჰაკა 2019 წლის მსოფლიო თასზე (ვიდეო)

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის მესამე ადგილისათვის მატჩში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და უელსის ნაკრებები უპირისპირდებიან. […]...
წაკითხვა
რაგბი

“ვინ არიან ეს ამდენი სულელი?” – ნიაზ მამრიკიშვილის მორიგი კურიოზი პირდაპ

27 ოქტომბერს, საქართველოს დიდი 10-ის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში “ბათუმმა” ქუთაისის “აიას” უმასპინძლა და ფრედ […]...
წაკითხვა
რაგბი

ინგლისელი მორაგბეები ზელანდიელთა ჰაკას დროს (ვიდეო)

2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები უპირისპირდებიან. შეხვედრის დაწყების […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს ნაკრები ქომაგებს იაპონურად დაემშვიდობა (ვიდეო)

11 დეკემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნები” […]...
წაკითხვა