საქართველო საბერძნეთის იმედად
საქართველო _ ხორვატია 71:58
(14:13; 11:15; 22:16; 24:10)
საქართველო: პულენი (10ქ), ფაჩულია (10ქ,7მ), ცინცაძე (2ქ), შერმადინი (2ქ), სანაძე (12ქ), მარკოიშვილი (10ქ), სანიკიძე (10ქ), ბურჯანაძე, შენგელია (11ქ)
ხორვატია: ტომიჩი (6ქ), რუდეზი (2ქ), სტიპჩევიჩი (8ქ), ბოგდანოვიჩი (7ქ), სარიჩი (5ქ), ტომასი, უკიჩი (3ქ), სიმონი (5ქ), დრეპერი (2ქ), ბილანი, ზორიჩი (16ქ), ჰეზონია
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი საბერძნეთთან მეორე ტაიმის შემდეგ დაიწყო. ეს ტურნირის ზუსტად მეორე ნახევარია. ასე რომ ეთამაშათ ჩვენებს დასაწყისშიც, გაცილებით იმედიანად შევხვდებოდით პლეი ოფს. ახლა ჯერ ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის და საბერძნეთის იმედად ვართ დარჩენილი, რომელიც მოგვიანებით ითამაშებს.
ხორვატებთან მატჩი ჩვენსთვის არაფერს წყვეტდა, რადგან მაკედონიას უკვე წაგებული ჰქონდა. არც ხორვატებისთვის ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორ დამთავრდებოდა თამაში. ამის მიუხედავად, ორივე გუნდი მოსაგებად იბრძოდა.
პირველი მეოთხედი ჩვენებმა ქულით მოიგეს. ანგარიშიდანაც ჩანს, თუ როგორ დაცვას მიმართავდა ორივე გუნდი. უხვქულიანი არც მეორე ათწუთეული იყო, რომელიც უკვე ხორვატებმა მოიგეს და შესვენებაზე სამქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ – 28:25.
მესამე მეოთხედი ქართველების იყო. ჩვენებმა კარგადაც ჩააგდეს და დაცვაშიც ყოჩაღობდნენ, რის გამოც ბოლო მეოთხედს სამქულიანი ჰანდიკაპით უკვე ჩვენები შეხვდნენ.
ბოლო მეოთხედის დასაყისში ხორვატებმა იძალეს და 51:49 დაწინაურნდნენ. ამის შემდეგ „ზაგრებ არენაზე“ მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და მას საქართველოს ნაკრები ერქვა. ჩვენებმა 18:0 გაქცევა მოაწყვეს და 67:51 დაწინაურდნენ. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა, თუმცა ჩვენი ბედი საბერძნეთზე კიდია.
ქართველებმა საბოლოოდ 71:58 მოიგეს და ეს გუნდური თამაშის ხარჯზე მივაღწიეთ – 6 კალათბურთელი გადასცდა 10–ქულიან ზღვარს. პლუს ჩინებული დაცვა, რისი მეტყველიც ხორვატების ჩაგდებული 58 ქულაა.
ველოდებით საბერძნეთი–ჰოლანდიას…