საქართველო – შვეიცარია: სავარაუდო შემადგენლობები, სტატისტიკა, ფაქტები
საქართველო — შვეიცარია
შეხვედრის ადგილი: თბილისი, “დინამო არენა”
შეხვედრის დრო: შაბათი, 23 მარტი
პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი
მთავარი არბიტრი: კრეიგ პოუსონი (ინგლისი)
ხვალ, 23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” თბილისში შვეიცარიას დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრები მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება – ტრავმის გამო გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ასევე, ტრავმირებულია ლაშა დვალი, გიორგი მერებაშვილმა კი მატჩისწინა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და დიდი ალბათობით, თამაშს ისიც ვერ შეძლებს. დანაკლისი აქვთ შვეიცარიელებსაც, მათ შეტევის ხაზის ერთბაშად სამი მოთამაშე დააკლდებათ – ჩერდან შაქირი, ჰარის სეფეროვიჩი და ადმირ მეჰმედი.
ყველასათვის ცნობილია, რომ შვეიცარიის ნაკრები მაღალი დონის გუნდია. მათი ფეხბურთელები ინგლისის პრემიერ ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და იტალიის სერია A-ს გუნდებში თამაშობენ.
სავარაუდოდ, “დინამო არენა” ბოლომდე შეივსება, რაც საქართველოს ნაკრებისათვის დამატებითი მოტივაცია და ამავდროულად, პასუხისმგებლობაც იქნება. თბილისში თამაში არცერთი მეტოქისთვის ადვილი არაა და აქ შვეიცარიელებსაც გაუჭირდებათ. ცხადია, გულშემატკივრის ფაქტორი ბევრს ნიშნავს.
ვაისის გუნდმა უეფას ერთა ლიგაზე თავი კარგად წარმოაჩინა, ახლა კი უფრო სერიოზული და რთული ტურნირის დრო მოვიდა.
საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
19/11/18 | ელ. | საქართველო | ყაზახეთი | 2:1 | |
15/11/18 | ელ. | ანდორა | საქართველო | 1:1 | |
16/10/18 | ელ. | ლატვია | საქართველო | 0:3 | |
13/10/18 | ელ. | საქართველო | ანდორა | 3:0 | |
09/09/18 | ელ. | საქართველო | ლატვია | 1:0 |
შვეიცარიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
18/11/18 | ელ. | შვეიცარია | ბელგია | 5:2 | |
14/11/18 | ამხ. | შვეიცარია | ყატარი | 0:1 | |
15/10/18 | ელ. | ისლანდია | შვეიცარია | 1:2 | |
12/10/18 | ელ. | ბელგია | შვეიცარია | 2:1 | |
11/09/18 | ამხ. | ინგლისი | შვეიცარია | 1:0 |
ურთიერთშეხვედრები:
საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთის წინააღმდეგ სულ ორჯერ აქვთ ნათამაშები. ორივე მატჩი ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიმართა. მაშინ საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა. პირველ მატჩში შვეიცარიელებმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს, მეორე შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
08/09/02 – შვეიცარია 4:1 საქართველო
02/04/03 – საქართველო 0:0 შვეიცარია
რას ამბობენ მწვრთნელები?
ვლადიმირ ვაისი: “ხვალინდელი მატჩის ფავორიტი შვეიცარიაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მოიგებენ. შვეიცარია რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავეა, მაგრამ მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რესუსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. შვეიცარია მხოლოდ კონკრეტული მატჩის ფავორიტი არ არის, ეს გუნდი ჯგუფის ფავორიტია. შევეცდებით, ხვალ ჩვენი ტექნიკური, ქართული თამაში ვაჩვენოთ.”
ვლადიმირ პეტკოვიჩი: “ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ქართული ფეხბურთი გარკვეულ ნაზავს წარმოადგენს ბრაზილიური ტექნიკურობისა და რუსული ძალისმიერი თამაშის, რასაც ემატება ქართული იმპროვიზაციის ნიჭი. რაც შეეხება “დინამოს”, ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენად ლამაზ და წარმატებულ ფეხბურთს თამაშობდა ეს კლუბი.
დღეს ჩემს ფეხბურთელებთან ერთად უნდა განვიხილო ქართველი ფეხბურთელების ძლიერი და სუსტი მხარეები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველები ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში და კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ და ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.”
საინტერესო ფაქტები:
– ხვალინდელი მატჩის განაცხადში მყოფი ფეხბურთელებიდან, საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული წევრი (transfermarkt-ის მიხედვით) სოლომონ კვერკველიაა. მისი ფასი 8 მილიონი ევროა.
– შვეიცარიელთა ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გრანიტ ჯაკაა. “არსენალის” ნახევარმცველს transfermarkt 45 მილიონ ევროდ აფასებს.
– მოქმედი ფეხბურთელებიდან, საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი ვაკო ყაზაიშვილს აქვს გატანილი, მან მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
– მოქმედი ფეხბურთელებიდან, შვეიცარიელთა ბომბარდირი, 22 გოლით, ჩერდან შაქირია, თუმცა ის ტრავმის გამო საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მთავარი არბიტრი – კრეიგ პოუსონი
კრეიგ პოუსონი 40 წლის ინგლისელი არბიტრია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის პრემიერ ლიგის და უეფას სანაკრებო ტურნირების მატჩებში იღებს მონაწილეობას. მან მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა განსაჯა, სადაც 118 ყვითელი და 4 წითელი ბარათი აჩვენა.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ლორია; კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ხარაბაძე; კანკავა, კვეკვესკირი; ანანიძე, გვილია, ყაზაიშვილი; ქვილითაია.
შვეიცარიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ზომერი; ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, როდრიგესი; ჯაკა, ზაქარია; აეტი, ემბოლო, ცუბერი; გავრანოვიჩი.
Fanebi.Com-ის პროგნოზი
საქართველო 2:1 შვეიცარია