საქართველო თასის ფინალი: წინასამატჩო ვარჯიშები
21 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი მონაწილე გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიშები გამართეს.
მარტვილის „მერანმა“ 14:00 საათზე საკუთარ, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. პირველლიგელთა რიგებში საბრძოლო განწყობაა და გუნდი კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად ემზადება. მარტვილელებს მნიშვნელოვან მატჩში ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილი ვერ დაეხმარებათ, ვაჟა ლომაშვილს კი, პირველი ლიგის გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია აქვს.
ქუთაისის „ტორპედომ“ 17:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. გუნდში მეტოქის მსგავსად საბრძოლო განწყობაა. იმერლებს უკვე 15 წელი ტიტული არ მოუპოვებიათ. ეს კი, რა თქმა უნდა, მათთვის დამატებითი მოტივაციაა. ტორპედოელთა რიგებში დანაკლისი არაა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ნოემბერს, 10:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო: ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია. სტადიონი 4000-მდე გულშემატკივარს იტვევს. ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივარებს კი, საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცათ.
წყარო: Gff.Ge