საქართველომ ევროშესარჩევში იტალიასთან წააგო

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფას 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო შეხვედრა გამართა იტალიაში, ქალაქ ლა სპეციაში მასპინძელ ქალთა ეროვნულ ნაკრებთან.
სპეციალისტებისა და ბუქმეიკერების პროგნოზით იტალია უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, მატჩი ჩვენთვის გასახარად დაიწყო – გულნარა გაბელიამ ანგარიში გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
თუმცა, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: პირველივე ტაიმში კერნოლამ, ჯიულიანომ და მარინერიმ სამი ბურთი გაიტანეს და შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდნენ.
მეორე ტაიმში საბატინომ მეოთხე გოლიც გაიტანა და ნათელი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებს მატჩის გადარჩენა გაუჭირდებოდა. 79–ე და 83–ე წუთებზე შეცვლაზე შესულმა ჯირელიმ კიდევ ორი გაუტანა საქართველოს ნაკრებს და მატჩი მასპინძლებმა 6:1 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნადირაშვილი, პასიკაშვილი, ტატუაშვილი, სუთიძე, კოჭლამაზაშვილი, თოდაძე, ჭყონია, ზაქაიძე (სხირტლაძე 58), მატვეევა, ჭიჭინაძე (ჩემინავა 71), გაბელია.