საქართველომ კანადასთან ერთი ქულით წააგო
საქართველო _ კანადა 15:16
აქამდე „ბორჯღალოსნები“ და ნეკერჩხლები“ ერთმანეთს 4-ჯერ შეებნენ. ორ-ორი მოგებით გუნდებს შორის ანგარიში თანაბარი იყო. დღევანდელი მატჩი კანადამ ერთი ქულით მოიგო და ურთიერთშეხვედრებშიც ერთი მოგებით დაინაურდა.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბექა წიკლაური, გიორგი ფრუიძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ბეგაძე; კარლენ ასიეშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე.
დასაწყისშივე კანადამ ცენტრში დერეფანი მოიგო, რამდენიმე დარტყმით ჩვენ ლელოსთან მოგვიწია ჩასვლა და ბურჯმა თიდემანმა ლელო დაგვიდო, გარდასახვაც ზუსტი იყო _ 0:7.
ჩვენებმა ანგარიშის შემცირება ჯარიმით მოახერეს, თავი მალაღურაძემ გამოიჩინა _ 3:7. იქვე ჩვენს 10–მეტრიანთან რაქში დავჯარიმდით კანადელებმა სტატუს კვო აღადგინეს _ 3:10
ამის შემდეგ რამდენჯერმე კარგად შევუტიეთ, კანადელთა 5 მეტრიანთან 2 შერკინება ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ უპირატესობამ თავისი გაიტანა და მესამე შერკინება „ნეკერჩხლებს“ აღარ ვაპატიეთ. 29–ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა ლელო დადო, გარდასახვა მალაღურაძემ გაიტანა _ 10:10.
34–ე წუთზე ისევ დავჯარიმდით, კანადამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირველი ტაიმი 10:13 მორჩა.
მეორე ტაიმი, რომელიც ქულმწირი გამოდგა და კანადელთა უპირატესობით დაიწყო. 45–ე წუთზე „ნეკერჩხლებმა“ მორიგი ჯარიმა გაიტანეს _ 10:16.
ამის შემდეგ მატჩი კანადელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ქულების აღებას ვერავინ ახერხებდა. მხოლოდ 73–ე წუთზე შეიცვალა ანგარიში, როდესაც 5–მეტრიანთან ბეგაძემ რაქიდან ბურთი ხმალაძეს გადასცა, მან თავის მხრივ 3 კაცი გამოტოვა და ფრთაზე წიკლაური მოძებნა, რომელმაც ლელო ალამთან დადო. გარდასახვის შედეგად ქართველებს მატჩის მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ბოლო წუთზე კანადელებს მორაგბე გაუძევეს, მაგრამ შეტევა ვეღარ მოვამზადეთ და დავმარცხდით _ 15:16.