საქართველომ შესაძლოა, 2019 წლის უეფას ევროპის ლიგის ფინალს უმასპინძლოს
უეფამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 2019 წლის ევროპის ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ქალთა ჩემპიონთა ლიგისა და სუპერ თასის ფინალების მასპინძლობაზე. ფედერაციებს 2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 27 იანვრამდე შეეძლოთ მოთხოვნის გაგზავნა.
საგულისხმოა, რომ იმ სტადიონთა სიაში, რომლებზეც შესაძლოა, 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალი ჩატარდეს, თბილისის “დინამო არენაცაა”.
ჩვენი კონკურენტები შემდეგი ქვეყნები იქნებიან:
აზერბაიჯანი, ბაქო, “ოლიმპიური სტადიონი”;
გერმანია, ფრანკფურტი, “ფრანკფურტის სტადიონი”;
გერმანია, შტუდგარტი, “შტუდგარტ-არენა”;
შოტლანდია, გლაზგო, “ჰემპდენ პარკი”;
ესპანეთი, სევილია, “სანჩეს პისხუანი”;
თურქეთი, სტამბოლი, “ბეშიქთაშ არენა”.
აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებისთვის ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი შეეცილებიან. პირველი მათგანის მოედანი მადრიდის “მეტროპოლიტენის სტადიონია,” ხოლო აზერბაიჯანელების კი – “ოლიმპიური სტადიონი”.