საქართველომ თბილისში ყაზახეთთან ფრედ ითამაშა
“დინამო არენაზე” დასრულდა საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით, 1:1 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, სტუმრები კი საწადელის მიღწევას კონტრშეტევების წყალობით ცდილობდნენ და 36-ე წუთზე განხორციელებული ერთ-ერთი კონტრიერიში გატანილი ბურთით დააგვირგვინეს. გოლი აზატ ნურგალიევმა გაიტანა. ყაზახებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ, ვინაიდან მასპინძლებმა მომდევნო შეტევაში წონასწორობის აღდგენა შეძლეს. უჩა ლობჟანიძის გადაცემას საჯარიმო მოედნის მისადგომებთან მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი მოჭრილი დარტყმით გამოეხმაურა და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1. შეხვედრის პირველი ტაიმი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
მატჩის მეორე ტაიმშიც მოედანზე მასპინძლები დომინირებდნენ. პირველ ნახევარში შედარებით პასიური გიორგი ჭანტურია ტანმაღალმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შეცვალა, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში ლევან ყენიას გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირაც დარჩა, თუმცა სტუმართა კიპერმა ბურთის მოგერიება შეძლო. ეს ტაიმის ყველაზე რეალური მომენტი იყო. საბოლოო ჯამში, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამხანაგური მატჩი:
საქართველო — ყაზახეთი 1:1 (1:1)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (ვაწაძე 90′), კაშია, ამისულაშვილი (კვერკველია 46′), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 77′), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე (ყენია 77′), ჭანტურია (კაჭარავა 46′).
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
გოლები: ოქრიაშვილი 38′ — ნურგალიევი 36′.