საქართველომ უელსი გაანადგურა
13 ნოემბერს, საქართველოში, სტარტი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებმა აიღო. საქართველოს ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” უელსის ნაკრები მიიღო და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.
ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მე-6 წუთზე, ნიკა ჭანტურიას პასის შემდეგ, დავით ჯიქიამ წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა საბოლოოდ, ცარიელ კართან მყოფმა გოლის გატანა ვერ შეძლო. იმავე ჯიქიამ, მე-10 წუთზე შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით აცდა.
მაისურაძის შეგირდებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნეს – გურეშიძის პასის შემდეგ, უელსელმა მცველებმა შეუთანხმებლად იმოქმედეს, ხოლო პაპუნაშვილმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ის კარის ბადეში მოაქცია.
26-ე წუთზე, უელსის ნაკრების მცველმა საკუთარ მეკარეს ცუდი პასი გაუკეთა, კიპერმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, ხოლო იქვე მყოფმა ჯიქიამ საქართველოს უპირატესობა ორამდე გაზარდა.
28-ე წუთზე, უელსელთა კარის მიმართულებით, ოთარ კაკაბაძემ ძლიერად გაისროლა, თუმცა კარის დარაჯმა ბურთის მოგერიება მოახერხა. მალევე, საჯარიმოში მყოფმა ჯიქიამ მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა სტუმრებს ამჯერად ძელმა უშველა.
43-ე წუთზე, ზარანდიას ჩაწოდებულ კუთხურს ალექსანდრე გურეშიძე თავით გამოეხმაურა – 3:0. ტაიმის ბოლოს, საჯარიმოში სწრაფად შესულ ზარანდიას მეტოქე გუნდის მცველმა გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
ქართველებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. 49-ე წუთზე, ჯიქიამ მეტოქე გუნდის საჯარიმოში რამდენიმე მოთამაშე მოატყუა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. 55-ე წუთზე, უელსელთა საჯარიმოში მყოფმა ჯიქიამ მეტოქე ბრწყინვალედ ჩამოიტოვა და გოლი გაიტანა – 4:0.
57-ე წუთზე, ჯიქია კვლავ კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, ის საჯარიმოს გარეთ გამოსულ მეკარეს ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა ობრაიანმა ის ხელით მოიგერია, რისთვისაც მსაჯმა მოედნიდან გააძევა. დანიშნული ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა მათე ცინცაძემ – 5:0.
78-ე წუთზე, აბურჯანიამ შენგელია მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა გოლის გატანა ვერ შეძლო.
საბოლოო შედეგი 84-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა უელსელთა ფეხბურთელმა, თომას ოსალივანმა ქართველთა კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.
ვასილ მაისურაძე: “კმაყოფილები ვართ. არ მეგონა, მეტოქეს ასე ადვილად თუ დავამარცხებდით. აქცენტს პირველ მატჩზე ვაკეთებდით და ყველაფერი კარგად დასრულდა. ადრეც ვთქვი, რომ უელსთან და მოლდოვასთან პირველ ნომრად თამაშს ვაპირებდით. ჩვენი საყრდენები ცოტათი დაღლილები იყვნენ, ამიტომ ისეთი პრესინგი არ გამოგვივიდა, როგორიც გვსურდა. შევეცდებით, მომდევნო შეხვედრისათვის ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ. რამდენიმე წლის წინ, მოლდოვის ნაკრებთან კი ვითამაშეთ, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ კარგი გუნდი ჰყავთ.”
ალექსანდრე გურეშიძე: “ძალიან კმაყოფილები ვართ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო. ასეთ მარტივ მოგებას არ ველოდით. უელსს პირველ ნახევარში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ.”
გერანტ უილიამსი: “მატჩი ჩვენთვის არასასიამოვნო შედეგით დასრულდა. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ქართველები ბურთს კარგად გრძნობენ და მოედანზე მშვენივრად მოძრაობენ, ჩვენ კი სწორედ ამიტომ დავმარცხდით.”
საქართველო – უელსი 5:1
“მიხეილ მესხი”
საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (შენგელია 64′), ჯიქია (კერძევაძე 59′), კიკაბიძე, თევზაძე, ზარანდია (ახვლედიანი 75′).
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
უელსი: ობრაიანი, ვიკჰემი, ჯონი, რ. ევანსი, იორვერტი, დევისი, ჯ. ევანსი (ქროუვი 58′), შიჰანი (ვიკსი 72′), რეიდი (ჯოუნსი 72′), ოსალივანი, უილიამსი.
მთავარი მწვრთნელი: გერანტ უილიამსი.
გოლები: პაპუნაშვილი 22′, ჯიქია 26′ 55′ , გურეშიძე 43′, ცინცაძე 57′ – ოსალივანი 84′.
გაფრთხილებები: პაპუნაშვილი 18′, ახვლედიანი 82′ – ოსალივანი 78′, დევისი 80′.
გაძევება: ობრაიანი 57′.
მთავარი მსაჯი: მათიას გესტრანიუსი (ფინეთი).
დიტო ჭიჭინაძე