საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალშია
საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში ანდორას დაუპირისპირდება. ლელა ცანავას, როლანდ გელოვანისა და მანანა ბიჩინაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მალტას დაძაბულ ბრძოლაში – 55:51 სძლია და პლეი ოფში დაუმარცხებლად გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა მალტასთან მატჩი შედარებით მძიმედ დაიწყო, თუმცა ცანავას გუნდმა კუნძულელებს მალე მოუნახა სუსტი წერტილები. რამდენიმე ტანმაღალი და მასიული მოთამაშის მყოლ მალტელებს ქართველებმა შორი სროლები დაუპირისპირეს. ამან გაამართლა და ჩვენი ნაკრების ლიდერის, ნატალია ოთხმეზურის შორი სროლებით, რომელსაც ხელს ელენე მანდარიაც აშველებდა, ქართველებმა მეტოქე მეორე პერიოდში გატეხეს.
პირველი მეოთხედი ფრედ – 12:12 დასრულდა, ხოლო 2-წუთიანი შესვენების შემდეგ ქართველებს მეტოქის ფარისკენ გზა გაეხსნათ და სწრაფი თამაშით, რასაც ზუსტ სროლებს უთავსებდნენ, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. პირველი ნახევრის შემდეგ ტაბლო საჩვენო ანგარიშს – 31:22 უჩვენებდა.
მესამე მეოთხედში ქართველებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს და ბოლო მეოთხედს დამაჯერებელი ჰანდიკაპით შეხვდნენ – 46:33. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ჩვენი გუნდი 52:40 იგებდა და თითქოს ყველაფერიც გადაწყვეტილი იყო, თუმცა მალტელებმა ბოლოდე იბრძოლეს და მასპინძლები აანერვიულეს. კუნძულელთა გამთამაშებელმა – ტანმორჩილმა და სხარტმა ჟასმინ აბელამ 2 სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ 1:13 წუთში ქართველებმა მოახერხეს სიმტკიცის გამოჩენა და სტუმრებს წარმატების იმედი გადაუწურეს. საბოლოოდ ცანავას გუნდმა 4 ქულით – 55:51 იმარჯვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველოსა და ანდორას შორის ნახევარფინალური მატჩი 12 ივლისს, 19:30 წუთზე გაიმართება.