საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა საქართველოსა და ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი. ელიტრაუნდში გასასვლელად დღეს ვასილ მაისურაძის გუნდს მინიმუმ არ უნდა წაეგო, იმ პირობით, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უელსის 19-წლამდელები ალბანეთთან დამარცხდებოდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი სწორედ ჩვენი ახალგაზრდების სასარგებლოდ დასრულდა – ავსტრიასთან შეხვედრა ნულოვანი ფრით მორჩა.
პირველ ტაიმში ჩვენს მეტოქეს ანგარიშის გახსნის ორი ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. 22-ე წუთზე ლაიმერმა ირაკლი კომახიძეს აჯობა და მეკარე გოშაძესთან პირისპირ გავიდა, რომ არა გოლკიპერის ოსტატობა, ავსტრიელები ანგარიშს გახსნიდნენ. ცოტა ხანში მარცხნიდან ფაბიან გმეიმერმა შეუტია, მაგრამ გოშაძემ ამჯერადაც იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მპოიგერია. სათქმელია, რომ გოლის გატანის არაერთი შანსი ქართველებსაც ჰქონდათ, თუმცა შეტევების გადამწყვეტ მომენტში ისინი ან დარტყმას ვერ ახერხებდნენ ან დარტყმას პასს ამჯობინებდნენ.
მეორე ნახევარში მეტოქემ ზეწოლას მოუმატა, თუმცა გოშაძის კარის აღება ვერ შეძლო.
რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე შეხვედრას, ჩვენთვის საბედნიეროდ, ის ალბანელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. საბოლოოდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, რითაც კონტინენტის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მიიღო.
საქართველო – ავსტრია 0:0
საქართველო: გოშაძე, ართმელაძე, ნადარაია, ბაშელეიშვილი (ალთუნაიშვილი), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, მიქელთაძე (ბიძინაშვილი), ლოჩოშვილი, კომახიძე, კაკიაშვილი, კიკნაძე (გვარაძე)
ავსტრია: გარტლერი, კრაინცი, კაუფმანი, პოში, ლაიმერი, გაში, პავლოვიჩი, მარანდა, გმეინერი (გრაბოვაკი), ინგოლიში, სშლაგერი