საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროტური ლუქსემბურგთან მარცხით დაასრულა
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპული ტურნე დაასრულა. დავით უსტიაშვილის გუნდმა ლუქსემბურგში გამართულ მესამე, სპარინგ–მატჩში 14–ქულიანი მარცხი იწვნია. შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ თანატოლთა ნაკრებთან 63:77 წააგო.
საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო აკლდა 4 წამყვანი მოთამაშე – ალექსანდრე ბოლქვაძე, ლერი კვანტალიანი, სანდრო სანაძე და მერაბ მირზიაშვილი. ამასთან ერთად, ლუქსემბურგელებს წინა დღეებში ქართველებთან 2 მატჩი ჰქონდათ წაგებული და მათი თანამემამულე მსაჯები მასპინძლების მიმართ დაუფარავ სიმპათიას გამოხატავდნენ, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
მაშ ასე, საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ევროპული შეკრება, რომლის ფარგლებშიც 6 მატჩი გამართა. ქართველებმა რუმინეთში ადგილობრივ ნაკრებს 3–დან 2 შეხვედრა მოუგეს და იგივე შედეგი აჩვენეს ლუქსემბურგშიც, ადგილობრივ გუნდთან. საქართველოს ნაკრები თბილისში ბრუნდება და ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის მზადებას აგრძელებს.
gbf.ge