საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორი გახდა
18 მაისს, სასტუმრო სტამბაში საქართველოს ფეხბურთს ფედერაციასა და საქართველოს ბანკს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2026 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, მასობრივი და ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.
ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მოაწერეს.
ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სფფ-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები. მათ შორის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „ძალიან სასიხარულოა, რომ სწორედ საქართველოს ბანკი გახდა ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი. ბანკი, რომელიც მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე გამოირჩეოდა საკუთარი ხედვითა და ფილოსოფიით. მუდმივი განვითარება სწორედ ის მთავარი ღირებულებაა, რომელიც საერთოა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა უეფას ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ჩემპიონატის მასპინძელია. ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ გამორჩეული ჩემპიონატის ჩატარებას“.
არჩილ გაჩეჩილაძე (საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი): „დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას. ამ თანამშრომლობით გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა ქართული ფეხბურთის მიმართ. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების გაძლიერებას.
ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას, სპორტსმენებისთვის საჭირო რესურსებზე წვდომას. გვინდა ამ პარტნიორობით ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ქართული სპორტის განვითარება ჰქვია და რომელსაც უკვე ვახორციელებთ არაერთი წარმატებული თანამშრომლობით, იქნება ეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერა თუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების გენერალური პარტნიორობა.
ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების სპორტსმენების წახალისება, და მჯერა, არაერთ გამარჯვებას მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ, ბევრ ახალგაზრდას მიეცემა სტიმული, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“.
გურამ კაშია ( საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია ასეთ ძლიერ პარტნიორთან თანამშრომლობა. იმედი მაქვს, ეს პარტნიორობა დიდხანს გაგრძელდება და რაც შეიძლება წარმატებულები ვიქნებით. ასეთ დიდ ბანკთან თანამშრომლობა ძალიან წაადგება, როგორც სფფ-ს, ისე ეროვნულ ნაკრებ გუნდებსა და ფეხბურთის განვითარებას საქართველოში”.
GFF