საქართველოს ჩემპიონატში, სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში საქართველოს ჩემპიონატში, სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ.
კობიაშვილის თქმით, დაცული იქნება ყველა სტანდარტი, გულშემატკივრები კი ტრიბუნებზე დისტანციის დაცვით განთავსდებიან.
“თვეზე მეტია, რაც ფეხბურთში ჩვენი შიდა ჩემპიონატი დაიწყო და ასევე, სხვა სპორტის სახეობებიც გააქტიურდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი მაყურებლების გარეშე. დღეს პრემიერ მინისტრსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მოვახსენე მდგომარეობა სტადიონებთან დაკავშირებით. ალბათ, ბევრმა ადამიანმა ნახა კადრები, სადაც ჩანს, რომ გულშემატკივრები იკრიბებიან სტადიონის მიღმა, ვიწრო სივრცეში. უსაფრთხოების კუთხით, ნამდვილად არ არის მათი ასე ერთად ყოფნა კარგი. შესაბამისად, საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით.
მომდევნო დღეების განმავლობაში, პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა ხაზს გავუსვამ – ეს არ მოხდება ქაოტურად. მნიშვნელოვანია ყველა სტანდარტის დაცვა. ჩატარდება თერმოსკრინინგი, რაც პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისათვის. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება დისტანციის დაცვა”