საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ივნისს ავსტრიაში შეიკრიბება
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით თბილისიდან 17 ფეხბურთელი გაემგზავრება. გუნდს ტრავმის გამო „რუბინის“ წევრი სოლომონ კვერკველია გამოაკლდა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, 23 კაციან სიაში იქნება „დინამო თბილისის“ წევრი ლაშა თოთაძე. გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა დვალი, ლევან ყენია და მათე ვაწაძე ნაკრებს ავსტრიაში შეურთდებიან.
გუნდს ორ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება ჯაბა კანკავა, რომელიც პოლონეთთან ოფიციალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. „ჩვენ გვინდოდა,რომ ჯაბა ნაკრებთან ერთად ყოფილიყო. მოგეხსენებათ კაპიტანი პოლონეთთან თამაშს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს, ამიტომ უკრაინასთან ამხანაგურ შეხვედრაში სხვა ფეხბურთელებს გამოვცდით, რომლებიც უკვე მატჩიდან ოთხ დღეში ოფიციალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას. ჯაბას არ ყოფნა ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია.მე მას ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ ამხანაგურ თამაშში უმჯობესი იქნებოდა, ის ფეხბურთელები გამოგვეცადა მის პოზიციაზე ,რომლებმაც მოგვიანებით უკვე პოლონეთთან უნდა ითამაშონ“ – ამბობს კახა ცხადაძე.
უკვე ოფიციალურად, კახა ცხადაძის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს გიორგი ჩიხრაძე, რომელიც 2011 წლიდან მიმდინარე წლის მაისის თვემდე აზერბაიჯანის „სიმურგის“ მთავარი მწვრთნელი იყო. 47 წლის სპეციალისტი კახა ცხადაძის ასისტენტი იქნება. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მარტის თვიდან მუშაობენ გია ცეცაძე და მილოშ იევტიჩი. 9 ივნისს, თბილისის დროით 22:00საათზე ავსტრიის ქალაქ ლინცში საქართველო ამხანაგურ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. 13 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ქალაქ ვარშავაში საქართველო ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას პოლონეთთან გამართავს.
ცვლილებების შემდეგ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი „ტოსნო“ (რუსეთი), როინ კვასხვაძე „ოთელოსი“ (კვიპროსი)
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი „ინტერი“ (აზერბაიჯანი), გურამ კაშია „ვიტესი“ (ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე „ომონია“ (კვიპროსი), კახა ალადაშვილი „სკა ენერგია“ (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი „ტოსნო“ (რუსეთი), ლაშა დვალი „ქასიმფაშა“ (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე „დინამო“ თბილისი (საქართველო)
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი „კარპატი“ (უკრაინა), კახა მახარაძე „ფახთაქორი“ (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე „სპარტაკი“ (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე „ვოლინი“ (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი „ვიტესი“ (ჰოლანდია), გოგიტა გოგუა „სკა ენერგია“ (რუსეთი), ლევან ყენია „სლავია“ (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი „გენკი“ (ბელგია)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე „ემპოლი“ (იტალია), მათე ვაწაძე „ორჰუსი“ (დანია), გიორგი ჭანტურია „კლუჟი“ (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი)
სფფ-ის პრესსამსახური