საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის კენჭისყრის წინ მე-5 კალათაში განთესეს
8 დეკემბერს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა. კენჭისყრა, რომელიც პარიზის დისნეილენდში გაიმართება, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან და მის შედეგად გაირკვევა ის ქვეყანა და ჯგუფი, რომელშიც ჩვენი ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის პირველ ეტაპზე იასპარეზებს.
კენჭისყრის წინ ფიბა-ევროპამ კალათები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაკრებები რეიტინგის მიხედვით განთესა. საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაში მოხვდა ჩეხეთთან, ისრაელთან და გერმანიასთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ მოხვდება აღნიშნულ გუნდებთან ჯგუფში და შესაბამისად, იგორ კოკოშკოვის გუნდი არ ითამაშებს გერმანიაში.
შეგახსენებთ, რომ ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ტარდება. ჯგუფურ ეტაპს გერმანია, ხორვატია, ლატვია და საფრანგეთი უმასპინძლებენ, ხოლო ფინალური ეტაპი საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება.
შეიცვალა გათამაშების ფორმატიც, რომლის თანახმადაც აღარ გაიმართება მეორე ჯგუფური ეტაპი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან დაიწყება. ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში 16 გუნდი გავა (თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო).