საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისათვის მზადება დაიწყო (ფოტო)
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა) 9 ნოემბრიდან შეუერთდებიან. გუნდი სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს ხვალ თბილისში გამართავს, მოგვიანებით კი ნაკრები ბათუმში გაემგზავრება.
ეროვნული ნაკრების მზადების შესახებ კომენტარი თურქული ჰატაისპორის შემტევმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა:
💬 საბა ლობჟანიძე: “ვემზადებით შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. ხვალიდან სრული შემადგენლობით შევიკრიბებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ.”
შეგახსენებთ,რომ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ფეხბურთელები გუნდთან ერთად უზბეკეთთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის მოემზადებიან.