საქართველოს გოგონათა საკალათბურთო ნაკრები და მსაჯ-კომისრები ესტონურ ტურნირზე იასპარეზებენ
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ესტონეთში ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის მიწვევით იმყოფება, სადაც საშობაო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ლელა ცანავასა და როლანდ გელოვანის გაწვრთნილი საქართველოს გოგონათა ნაკრები თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და ესტონური ტურნირი ჩვენს გუნდს დიდად გამოადგება.
კალათბურთელებთან ერთად ესტონეთში იმყოფებიან ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი და ფიბა-ს არბიტრი მაკა კუპატაძე, რომლებიც ტურნირს თავ-თავიანთ ამპლუაში მოემსახურებიან. საქართველოსთან ერთად ჯგუფში ლატვიის, ესტონეთისა და რუსეთის ნაკრებებიც არიან. ტურნირი ხვალ იწყება, მანამდე კი ჩვენს ნაკრებს ამერიკელმა და სერბმა სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს.ჩვენი ნაკრები ხააპსალუს სპორტულ კომპლექსშია დაბინავებული, სადაც სავარჯიშოდ იდეალური გარემოა შექმნილი.
ესტონეთში იმყოფებიან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელია,რომლებიც ტურნირზე საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდნენ. ქართველი კალათბურთელების, მწვრთნელების, მსაჯ-კომისრების დაფედერაციის ხელმძღვანელობის ესტონეთში ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ქალთა კალათბურთის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია და სამომავლო პროექტებზეა გათვლილი.
gbf.ge