საქართველოს ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში უელსთან დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნები” ტოიოტა სიტიში უელსს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 43:14 დამარცხდნენ.
შეხვედრის პირველი ლელო შეხვედრის დასაწყისშივე ვიხილეთ – ჯეიმს დევისმა საქართველოს ნაკრების ხაზი გაჭრა და ბურთი დაამიწა. სამ წუთში დან ბიგარმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – 8:0. მე-13 წუთზე ჯასტინ ტიპურიკმა საქართველოს ნაკრები ისევ დაალელოვა, ექვს წუთში კი საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანი ადამსმა აიღო. ტაიმი უილიამსის მიერ გატანილი ლელოთი დასრულდა. შესვენებაზე გუნდები ასეთი ანგარიშით გავიდნენ – 29:0 უელსის სასარგებლოდ.
მეორე ნახევარი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა მოლის გამოყენებით ლელო მამუკაშვილმა გაიტანა. ეს საქართველოს ნაკრების პირველი ლელო იყო მიმდინარე მსოფლიო თასზე. 64-ე წუთზე უილიამსმა ამ მატჩში მისი მეორე ლელო გაიტანა. 68-ე წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ბრწყინვალედ ითამაშა და ბურთი თანაგუნდელს გაატანა. საბოლოოდ, ეს შეტევა ჩილაჩავას ლელოთი დასრულდა. ბოლო ლელო 76-ე წუთზე ვიხილეთ – ლი ჰავპენიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩი უელსელთა გამარჯვებით 43:14 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 29 სექტემბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს.