საქართველოს ნაკრები ერთა ლიგისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების პროცესში დღეს სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. 8 ოქტომბერს საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა, დღეს კი გუნდმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – პოლონური არკას ლეგიონერი ლუკა ზარანდია.
„მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს სრულად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ“, – ლუკა ზარანდია
სავარჯიშო პროცესი ს.კ. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ამ დროისთვის, ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება.
„ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს.
რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ“, – გიორგი აბურჯანია
საქართველოს ნაკრების 24 კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები
ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი)
თავდამსხმელი
ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)
ცნობილია კიდევ ოთხი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:
ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), ბაჩანა არაბული (პუშკაშ-აკადემია, უნგრეთი)
საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციაზე. ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებები კი ერთი ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
ერთა ლიგის გათამაშებაზე, საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. მეოთხე ტურის თამაშს ქართველი ფეხბურთელები 16 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ სტუმრად, რიგაში გამართავენ. შეხვედრა, თბილისის დროით, 22:45 საათზე შედგება.
სფფ-ის პრესსამსახური