საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში 29 აგვისტოს ორჯერადი ვარჯიში გამართა. პირველი ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში შედგა, 18:00 საათზე კი ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ამ დროისთვის ეროვნული ნაკრები 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. სამედიცინო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ტრავმის გამო გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში გიორგი ლორია ვერ დაეხმარება. ნუკრი რევიშვილი უკვე გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთო. ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე კვლავ ვერ ვარჯიშობს, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა უახლოეს ორ შეხვედრაში გუნდის დახმარებას ახალგაზრდა ფეხბურთელი. ნიკა კაჭარავამ დღევანდელი ვარჯიში ვირუსის გამო გამოტოვა და ამ ეტაპზე სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშაა.
ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი თბილისში დღეს ჩამოვა და გუნდთან ერთად 30 აგვისტოდან ივარჯიშებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის, საქართველო-ირლანდიის ბილეთების რეალიზაცია როგორც ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე “დინამო არენას” სალაროებში მიმდინარეობს.
საქართველო-ირლანდიის მატჩი, “დინამო არენაზე” 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური