საქართველოს ნაკრები ირლანდიის ტესტისთვის დუბლინში აგრძელებს მზადებას
ირლანდიის წინააღმდეგ გასამართ ტესტამდე 5 დღით ადრე ბორჯღალოსნები დუბლინში მოედანზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუნდმა გუშინდელი დღე ფიზიკური ფორმის აღდგენას და ანალიზს დაუთმო.
საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში, რომელიც 16 ნოემბერს დუბლინში ‘ავივა სთედიუმზე’ გაიამრთება, ბორჯღალოსნები ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს ერკინებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
“შაბათის დაძაბული მატჩისა და აქეთ გადმოფრენის შემდეგ გვარიანად აღვიდგინეთ ძალები. გუშინდელი დღე ტონგას წინააღმდეგ გამართული მატჩის განხილვას დავუთმეთ და უკვე გავაანალიზეთ რამოდენიმე სისტემური შეცდომა რაც უნდა გამოვასწოროთ ირლანდიასთან თამაშისათვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კვირაში კარგად მოვემზადოთ, რადგან ირლანდიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
დუბლინის შემდეგ
16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.
Rugby.GE