საქართველოს ნაკრები შოტლანდიას თბილისში შეხვდება
შოტლანდია – არის ტიერ1-ის პირველი გუნდი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და ბორჯღალოსნებთან ტესტ-მატჩს თბილისში გამართავს!
ეს 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოხდება და გუნდები მას იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ. სერია ორი მატჩისგან შედგება. სქოთებს თბილისში, ‘დინამო არენაზე’ 24 აგვისტოს ვუმასპინძლებთ, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს, იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე, ‘მარიფილდზე’ ვერკინებით.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვეს, როდესაც ბორჯღალოსნებს ქილმარნოქში უმასპინძლეს და სიტყვა შეასრულეს!
პირობის შესრულებაზე და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ:
„2019 წლის მსოფლიო თასამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ კამპანიაშია ჩართული. მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს ბორჯღალოსნები ორ მატჩს გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან, რაც ჩვენს სამზადისს სრულყოფს. ეს მატჩები სამწვრთნელო შტაბს სელექციის პროცესშიც დაეხმარება და კიდევ ერთ შანსს მისცემს იაპონიისთვის ოპტიმალური გუნდის შესარჩევად.
„შოტლანდიასთან მატჩს ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს – ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველი დონის სარაგბო ქვეყანა საქართველოში ჩამოვა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოტლანდიის რაგბის კავშირს, რადგანაც 2016 წელს მათთან გამართული ტესტის შემდეგ დადებული პირობა შეასრულეს და მსოფლიო თასის წინ საქართველოში ჩამოვლენ“.
ტიერ1-ის ნაკრების პირველი ვიზიტით კმაყოფილია მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე:
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პირველი დონის სარაგბო ქვეყანას მასპინძლობს და ამ შესაძლებლობით უზომოდ კმაყოფილები ვართ. ორი მოსამზადებელი მატჩის გამართვა ისეთი ტოპ გუნდის წინააღმდეგ, როგორიც შოტლანდიაა, ვფირქობ ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ორივე მხარეზე.“
რაგბი უჩვეულო დროს
თბილისური მატჩი უჩვეულო დროს, ზაფხულის ბოლოს გაიმართება. ქართული რაგბის გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის ხილვის საშუალება აქამდე წელიწადში მხოლოდ ორჯერ, თებერვალ-მარტსა და ნოემბერში ჰქონდა.
გამონაკლისი 2018 წელია, რადგან 31 მაისს ‘ფრანგი ბარბაროსები’ უნდა მივიღოთ, თუმცა ტიერ1-ის გუნდის პირველად მასპინძლობა განსაკუთრებული მოვლენაა და ქომაგსაც ზაფხულის არდადეგების განსხვავებულად დაგეგმვა მოუწევს.
ამ შესაძლებლობით კმაყოფილია მილთონ ჰეიგი:
“2019 წლის მსოფლიო თასის წინ ორი ასეთი მატჩის გამართვა ჩვენი გუნდისათვის ისტორიული მოვლენაა. ისტორიას ქმნის ისიც, რომ შოტლანდია საქართველოში პირველად ჩამოვა და უფრო მეტიც – ის იქნება პირველი ტიერ ერთის გუნდი, რომელიც ქართულ მიწაზე საერთაშორისო მატჩს გამართავს.
„ეს არის ბოლო წლებში საქართველოსა და შოტლანდიის ურთიერთობების დამაგვირგვინებელი მტკიცებულება. ბორჯღალოსნებს წილად ხვდათ პრივილეგია, ეთამაშონ ასეთი დონის ნაკრებს საკუთარი ოჯახის, მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მომავალი მსოფლიო თასისთვის კიდევ უფრო უკეთ მოვემზადოთ, ვიდრე 2015 წელს. ეს მატჩები ამ მზადების უდიდესი ნაწილია. ეს სწორედ ის ფაქტია, რაზეც წარსულში ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა კი მთელი გუნდი, მოთამაშეები და ქართულ რაგბში ჩართული თითოეული ადამიანი, ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებულია“.
მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, ბორჯღალოსნებთან მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგ თაუნსენდი:
„2019 წლის მსოფლიო თასამდე 18 თვე რჩება და ჩვენი მზადებაც გეგმის მიხედვით მიდის. საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მოსამზადებელი მატჩები კიდევ ერთ შანსს მოგვცემს შევაფასოთ, თუ როგორ ფორმაში არიან მორაგბეები და გუნდში მოსახვედრად, მოთამაშეებს თავის გამოსავლენად მეტ შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და წინსვლას განაგრძობს. მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის კარგი გამოწვევა და დიდი პატივია“.
საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 15:6. ორი წლის წინ სქოთებს ქილმარნოქში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ – 43:16.
Rugby.Ge