საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები გლაზგოს ესტუმრა, სადაც შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით წააგო
შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძელთა დიდი ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ტრადიციულად მეორე ნომრად არჩია თამაში და მასპინძელთა საწყის შტურმს იოლად გაუმკლავდა.
ანგარიში 28-ე გაისხნა. შოტლანდიელთა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ კარის მიმართულებით შონ მელონიმ დაარტყა. ლორიამ მოგერიება კი შესძლო, თუმცა ბურთი ხუბუტიას მოხვდა და კარში შეგორდა.
ზუსტად ათ წუთში მასპინძლებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ. საქართველოს ნაკრების დაცვის შეცდომების შემდეგ გადამწყვეტი დარტყმის შესრულება ბრაუნს მოუწია. შოტლანდიელთა კაპიტნის მცდელობა რიკოშეტის გამო ლორიას კარს მცირე მანძილით ასცდა.
ჩვენი გუნდი ტრადიციულად კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას, თუმცა ამ საქმიდან პირველ ტაიმში არაფერი გამოდიოდა.
მეორე ნახევარში პირველთან შედარებით ქართველები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, თუმცა საგოლე მომენტების რაოდენობაზე ეს არ ასახულა. შოტლანდიელები თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ და ქართველთა შემტევებს მოედნის ცენტრში ხვდებოდნენ, საიდანაც ხიფათის შექმნა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. რიგ ეპიზოდებში კი ბურთის მოპოვებაც კი საკმაოდ დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ვერ აქტიურობდა შეცვლაზე შემოსული ოქრიაშვილიც.
შეხვედრა მსგავსი სცენარით დაახლოებით მე-60 წუთამდე გრძელდებოდა. შემდეგ კი შოტლანდიელები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, თუმცა ლორიამ მეტოქეს არ გაატანინა.
ასეთი თამაშის პირობებშიც კი ასქართველოს ნაკრებს 79-ე წუთზე საკმაოდ რეალური მომენტი შეექმნა. ოქრიაშვილის გარღვევის შემდეგ საჯარიმოში ბურთი გელაშვილმა მიიღო და საჯარიმოს მისადგომებთან მდგომ ძარიას დაუგორა – “დინამოს” ფეხბურთელმა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
ბოლო წუთებზე სტუმრებმა კი სცადეს მატჩის გადარჩენა, თუმცა უშედეგდ. კარში თუ არ დაარტყი, გოლის გატანა უბრალოდ წარმოუდგენელია. შოტლანდიელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს და პირველი ქულებიც მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები კი ორი ტურის შემდეგ კვლავ უქულოდაა…
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ისევ სტუმრად, ამჯერად გიბრალტარის ნაკრებთან, 14 ოქტომბერს გამართავს.
გოლები: ხუბუტია 28′ (ს.კ. 1:0)
შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, რობერტსონი, მარტინი, ჰანლი, მალონი, მორისონი, ბრაუნი, ანია, ფლეტჩერი (მარტინი 90′), ნაისმიტი (მაკარტური 80′).
საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კვერკველია, გრიგალავა, ხუბუტია, კვირკველია (ოქრიაშვილი 46′), კანკავა, დაუშვილი, პაპავა (ძარია 70′), ყაზაიშვილი (ჭანტურია 80′), გელაშვილი