საქართველოს ნაკრების 10 ფეხბურთელი, რომლებმაც 2021 წელს გუნდები უნდა გამოიცვალონ!
2020 წლის ბოლოს საქართველოს ნაკრების მხოლოდ 5 ფეხბურთელს (შენგელია, ოქრიაშვილი, ლობჟანიძე, გვილია, კვარაცხელია + 2.5 მილიონი) ჰქონდა სატრანსფერო ფასის ზრდა და მათ შორის, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა შეიცვალოს 2021 წელს კლუბი და ევროპაში გადავიდეს სათამაშოდ.
გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ვაკო ყაზაიშვილი უკლუბოდ დარჩნენ. მოსალოდნელია, კაშია ჰოლანდიაში დაბრუნდება, კანკავა ბათუმის “დინამოში” ან თურქეთში წავა კვეკვესკირთან ერთად, ვაკოს მომავალი ჯერ უცნობია.
2020 წელი საკმაოდ წარმატებული გამოდგა ოთარ კიტეიშვილისთვის, რომელიც ავსტრიული “შტურმის” უდავო ლიდერია და “შტურმი” უკვე ემზადება მის გასაყიდად. ავსტრიის ბუნდესლიგიდან გერმანიის ბუნდესლიგამდე არც თუ ისე შორია და დროა, კიტემ ძალები გერმანიაში მოსინჯოს.
2020 წელს გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმებმა გააწამა და ამაში დიდი წვლილი “გენტის” არასწორმა გადაწყვეტილებებმა შეიტანა. ჩაკვეტაძე ბელგიაში 2017 წლიდან თამაშობს და მისი თავი ამ გუნდში უკვე ამოწურა.
საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი “როტორში” აღმოჩნდნენ, სათამაშო პრაქტიკა აქვთ, თუმცა დიდია შანსი, “როტორი” რუსეთის პრემიერ ლიგიდან გავარდეს. ამ სეზონისთვის “როტორი”, მხოლოდ დროებით, კარგი ვარიანტი იყო.
ოთარ კაკაბაძე ნაკრების შეუცვლელი და ერთადერთი მარჯვენა მცველია, მაგრამ ესპანურ “ტენერიფეში” მას აღარ ენდობიან და ხელმძღვანელობა ახალი მცველის ყიდვას აპირებს.
2021 წელი საინტერესო ცვლილებებით დაიწყება.