საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბელგიასთან მატჩში
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. გუნდს დისკვალიფიკაციიდან და ტრავმებიდან სამი მორაგბე უბრუნდება.
ტრადიციულად – გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი
მილთონ ჰეიგის შეგირდები 2 მარტს, საქართველოს დროით 19 საათზე ბელგიას ბრიუსელში ეთამაშებიან. ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას 29:22 მოუგეს, ხოლო ორი კვირის წინ სოჭში რუსეთთან 7:64 დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს საკუთარ მოედანზე სამი თამაშია არ წაუგიათ (გერმანიასთან 69:15 და 29:22, ესპანეთთან 18:10) და სერიის გაგრძელებას გეგმავენ.
თავის მხრივ, საქართველომ პირველ ტურში რუმინეთს კლუჟში18:9 მოუგო, ხოლო 17 თებერვალს ესპანეთს თბილისში 24:10 სძლია, ნოემბრის ტესტებიდან მოყოლებული კი, მიჯრით ოთხი მოგება აქვს (სამოასთან 27:19 და ტონგასთან 20:9).
ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო 15-ში 6 მორაგბე შეცვალა – 4 ხაზში და ორიც შერკინებაში:
„ვფიქრობ, ბელგიის წინააღმდეგ ძალიან კარგი შემადგენლობით ვთამაშობთ. ტრადიციულად, ის გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავია. ვეცდებით პირველივე წუთებიდან ჩვენი სათამაშო გეგმის განხორციელებას შევუდგეთ და მეტოქე წნეხში მთელი 80 წუთი ვამყოფოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს სათამაშო დისციპლინა, რათა შეტევისა და დაცვის სტრუქტურებმა გამართულად იმუშაოს და თამაშს ჩვეული ფიზიკურობა და სისწრაფე შევძინოთ“.
ბელგიასთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია და ოთხი მოგება გვაქვს. ყველაზე მეტად პირველ მატჩში, 2013 წელს გაგვიჭირდა, როდესაც მეტოქეს სტუმრად 17:13 ვძლიეთ. 2017 წელს ბრიუსელში მეორედ ვითამაშეთ და 31:6 ვიმარჯვეთ. თბილისში მეტოქე ორივეჯერ მშრალზე დავტოვეთ – 35:0 (2014) და 47:0 (2018). ამ ოთხ მატჩში გავიტანეთ 19 ლელო და ერთადერთი მივიღეთ – 2013 წელს, ხოლო ქულათა ბალანსი 130:19-ზეა.
ფორვარდები
ესპანეთთან მატჩის შემდეგ, ჰეიგმა შერკინების პირველი ხაზი უცვლელი დატოვა და თამაშს ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილთან ერთად, გამოცდილი შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ.
მეორე ხაზში, ნოემბრის ტესტების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ნოდარ ჭეიშვილი, რომელიც გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება.
საფრანგეთში, ‘ბრივში’ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, 5-კვირიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და თამაშს შერკინების შემკვრელად იწყებს ოთარ გიორგაძე, ფლანკერები კი ესპანეთის მსგავსად გიორგი თხილაიშვილი და გიორგი ცუცქირიძე იქნებიან.
კვაჭის პოზიციაზე მარქაფაშია 18 წლის ვანო კარკაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი რუმინეთთან ჰქონდა. ნოემბრის ტესტების შემდეგ, ნაკრებს უბრუნდება ბურჯი ზურაბ ჟვანია. მეორე ბურჯად შეცვლაზე ბექა გიგაშვილი შევა. მეორე ხაზში ბრუნდება გამოცდილი შალვა სუთიაშვილი, რომელმაც ნოემბერში სამჯერ, ასევე შეცვლაზე ითამაშა, ხოლო მესამე ხაზში ბექა საღინაძე შევა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი წელს, რუმინეთთან ჰქონდა.
ბექები
ხაზში ოთხი ცვლილებაა და 9 ნომრის პოზიციაზე, 2-წლიანი შესვენების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება გიორგი ბეგაძე, რომლის ანგარიშზე ჯამში 64 კეპია. მგეზავი ზედიზედ მეხუთე მატჩში თედო აბჟანდაძე იქნება.
ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც რაგბი ევროპის პირველი ორი ტურის მატჩი გამოტოვა და ის გიორგი კვესელაძეს შეუწყვილდება. ტრავმა მოიშუშა და ფულბეკის პოზიციაზე დაბრუნდება სოსო მათიაშვილი. ფრთაზე თამაშს იწყებს მირიან მოდებაძე, რომელსაც სანაკრებო დებიუტი 2017 წლის ნოემბერში ჰქონდა და სამივე ტესტი ძირითადში დაიწყო, მას შემდეგ ტრავმას იშუშებდა და ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის პირველ ორ მატჩში, შეცვლებზე დაუბრუნდა, ხოლო მეორე ფრთა ზურაბ ძნელაძე იქნება.
9 ნომრის მარქაფაშია გელა აფრასიძე, რომელმაც ესპანეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შეცვლაზე შევლენ ლაშა ხმალაძე და გიორგი აფციაური.