საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან მატჩში
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ფინალური მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ორი თასი
18 მარტს მილთონ ჰეიგის შეგირდებს ‘დინამო არენაზე’ ორი თასი აქვთ დასაბრუნებელი. შარშან ბუქარესტში, რუმინეთმა მინიმალური სხვაობით იმარჯვა (8:7) და ბორჯღალოსნებთან 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და ჩვენს შორის საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის“ თასი თავისთან დაიტოვა.
შარშანდლამდე, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში (2011-2016) ეს ორივე თასი საქართველოში იზამთრებდა და ახლა ბორჯღალოსნების უმთავრესი მიზანი მათი შინ დაბრუნებაა.
ამისათვის ერთი მარტივი გზა არსებობს – თამაშის მოგება. ეს ერთადერთი გზაა „ანთიმოზ ივერიელის“ თასის შინ დასაბრუნებლად. საქართველო და რუმინეთი, საზიარო თასისთვის 2002 წლიდან იბრძვიან და დღემდე ბორჯღალოსნებმა ის 10-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ შემართეს. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ბორჯღალოსნები მოედანზე ორივე თასის დაბრუნებისთვის იბრძოლებენ!
ნაცადი შემადგენლობით
გასულ შაბათს კრასნოდარში რუსეთთან 29:9 მოგების შემდეგ, ჰეიგმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.
პირველ ხაზში ანტონ ფეიქრიშვილის ნაცვლად ბრუნდება ბურჯი ლევან ჩილაჩავა. ის მიხეილ ნარიაშვილსა და შალვა მამუკაშვილს შეუწყვილდება. წლევანდელ რაგბი ევროპაზე ამ სამეულმა ორი თამაში დაიწყო – გერმანიასთან და ესპანეთთან. პირველი ხაზის მარქაფაში ის სამეულია, რომლებმაც კრასნოდარში ითამაშეს – ბადრი ალხაზაშვილი, კახა ასიეშვილი და გიორგი მელიქიძე.
უცვლელი დარჩა შერკინების მეორე და მესამე ხაზი. გუნდის კაპიტან გიორგი ნემსაძეს კვლავ ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, ფლანკერები კოკი თხილაიშვილი და ვიტო კოლელიშვილი არიან, ხოლო შერკინების შემკვრელი ლაშა ლომიძეა.
უცვლელი დარჩა ღერძი და უკანა ხაზი. 9-10 ნომრებზე შესაბამისად ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იდგებიან; ცენტრში გიორგი კვესელაძე და დავით კაჭარავა, ხოლო ფრთებზე ანზორ სიჭინავა და სოსო მათიაშვილი.
ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია 18-ში თავის 110-ე კეპს მოიხვეჭს და მსოფლიოს მასშტაბით, ნაკრების კვართით ჩატარებული მატჩების რაოდენობით 25-ე პოზიციამდე აღზევდება. ამავე სიაში 28-ე ადგილზე დაწინაურდება კაჭარავა, რომელსაც „მეკოზე“ ერთით ნაკლები კეპი აქვს.
მეორე ხაზის მარქაფაში შალვა სუთიაშვილია, მესამე ხაზს მიხეილ გაჩეჩილაძე გააძლიერებს, 9 ნომერზე გელა აფრასიძე შევა, ხოლო ხაზში ლაშა მალაღურაძე და ალექსანდრე თოდუა.
სტატისტიკა, თამაშები და ქულები
რუმინეთს პირველად 20 წლის წინ (1998), დუბლინში (ირლანდია) 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევში ვეთამაშეთ და გამარჯვება მეტოქეს დარჩა (27:23), 2000 წლიდან კი, ‘სტეჟარს’ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რეგულარულად ვხვდებით.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ურთიერთშეხვედრების პირველ ნახევარში უპირატესობა მეტოქის მხარეს იყოს. პირველ 9 წელიწადში, 2006 წლამდე, 7-ჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა, ჩვენ კი მხოლოდ 2-ჯერ ვიმარჯვეთ – 2001 წელს ბუქარესტში 31:20 და 2005 წელს ეროვნულზე 20:13.
2007 წლიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რუმინეთი 9-ჯერ დავამარცხეთ, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, ორი თამაში კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
‘სტეჟარს’ სარეკორდო სხვაობით 2016 წელს, ‘დინამო არენაზე’ მოვუგეთ. ბორჯღალოსნებმა გაიტანეს ერთი მატჩისთვის რეკორდული – 6 ლელო, თავად ლელო არ მიუღიათ და ლამაზ სტილში, 38:9 იმარჯვეს. საქართველომ რუმინეთთან ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება 2011 წლის მსოფლიო თასზე, პამერსთონში (ახალი ზელანდია) მოიპოვა – 25:9, რაც იმ დროისთვის სარეკორდო სხვაობა იყო.
სულ რუმინეთი 21 შეხვედრიდან დავამარცხეთ 11-ჯერ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების – 392:356.