საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უელსთან შეხვედრაში
ბორჯღალოსნები 18 ნოემბერს საქართველოს დროით 18:30 საათზე კარდიფში, 75-ათასიან ‘პრინციფალითი სთედიუმზე’ (ყოფილი ‘მილენიუმი’) უელსთან მატჩს იმავე შემადგენლობით იწყებენ, როგორითაც გასულ შაბათს კანადასთან ითამაშეს.
მილთონ ჰეიგმა ჩრდილო ამერიკელბთან 54:22 მოგების შემდეგ სასტარტო 15-ეული უცვლელი დატოვა. პირველ ხაზში გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა დადგებიან; მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზს ლაშა ლომიძე, ვიტო კოლელიშვილი და ბექა ბიწაძე შეადგენენ.
9-10 ნომრები ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იქნებიან, ცენტრში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი კოშაძე ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილია, რომელმაც კანადას 34 ქულა გაუკეთა.
მარქაფაში ერთი სიახლეა – გიორგი კვესელაძის ნაცვლად გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელიც უელსთან 107-ე კეპს მოიხვეჭს. იქვეა რევაზ ჯინჭველაშვილი და 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. შერკინების პირველ ხაზს შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძე გამოჩნდება და 99-ე კეპს მოიხვეჭს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილია, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით მე-40 შეხვედრას გამართავს.
უელსმა 14 შეცვალა
გასულ შაბათს ავსტრალიასთან 21:29 მარცხის შემდეგ, უელსის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 14 მოთამაშე შეიცვალა. ლიამ უილიამსი ერთადერთია, რომელიც ავსტრალიის შემდეგ თამაშს ბორჯღალოსნებთანაც იწყებს, ოღონდ მან პოზიცია შეიცვალა და 14 ნომრის ნაცვლად ფულბეკად მოგვევლინება.
შუამარბ ოუენ უატკინს, ბურჯ ლეონ ბრაუნს და მესამეხაზელ სემ კროსს სანაკრებო დებიუტი გასულ შაბათს ჰქონდათ, ისინი შეცვლაზე შევიდნენ. ადამ ბერდს ავსტრალიასთან არ უთამაშია და მის ანგარიშზეც ერთადერთი კეპია. სასტარტო 15-ში ყველაზე გამოცდილი კაპიტანი დენ ლიდიეტია (60), მასზე მეტი, 67 კეპი კი ფალეტაუს აქვს, რომელიც მარქაფაშია. მარქაფაშია დებიუტანტი კვაჭი ელიოტ დი.
მიუხედავად ამისა, გუნდს გამოუცდელი არ ეთქმის, განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებს, რომელთაგან ოთხის ანგარიშზე 40-ზე მეტი კეპია, ხოლო სასტარტო 15-ეულის კეპების ჯამი 319-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი მოთამაშეებისა – 159.
„ვგრძნობდით, რომ ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშისთვის შანსი უნდა მიგვეცა. ახალგაზრდა ბიჭებს ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ მოედანზე და დაგვანახონ რა შეუძლიათ. გუნდში გვყავს გამოდილი მორაგბეებიც, რომელთა ანგარიშზეც საკმარისი რაოდენობის თამაშია და გამოცდილების მხრივ პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. საქართველო კარდიფში კარგ ხასიათზე ჩამოვიდა, მათ გასულ კვირაში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს და ახლა ეცდებიან ამ დონეზეც გამოიჩინონ თავი. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“ – შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლანდმა.
Rugby.GE