საქართველოს ნაკრებმა ანდორა დაამარცხა
13 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ანდორას დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.
პირველი სახიფათო მომენტი მე-6 წუთზე შეიქმნა, ჩაკვეტაძის დაბალი გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავამ გოლის გატანა ქუსლით სცადა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია. მე-10 წუთზე ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ გოლის გატანასთან ახლოს გურამ კაშია იყო, თუმცა მის მიერ თავით დარტყმული ბურთი კარს მცირედით აცდა. 26-ე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებას ნავალოვსკის დარტყმული მოყვა, მაგრამ მისი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. 31-ე წუთზე ნავალოვსკიმ კუთხური ჩააწოდა, კვირკველიამ ყველას აჯობა და თავით დაარტყა, თუმცა ანდორელთა მეკარემ კვლავაც კარგად იმოქმედა.
შეხვედრაში ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა – მარჯვენა ფლანგიდან ჩაკვეტაძემ ჩააწოდა, ბურთი ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც ის ერთი შეხებით დაამუშავა, დაარტყა და გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმი ისევ საქართველოს აქტიურობით დაიწყო. 49-ე წუთზე კიტეიშვილის ჩაწოდების შემდეგ კანკავას ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი ისევ მეკარე გომესმა მოიგერია. 84-ე წუთზე კვეკვესკირის კარგი პასის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მას ოსტატურად გოლი გაუტანა და დუბლი შეასრულა – 2:0. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ჯაბა კანკავამ თავური დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა სამამდე გაზარდა – 3:0
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.