საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო
6 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგა დაიწყო. გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ყაზახეთს, ასტანაში დაუპირისპირდა.
პირველი ნახევარი თანაბარ თამაშში წარიმართა და უგოლო დასრულდა. პირველი სახიფათო მომენტი ყაზახებმა შექმნეს – მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმა შეასრულეს, ბურთი კი საქართველოს ნაკრების კარს მცირედით აცდა. ამის შემდეგ ჩაკვეტაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ნავალოვსკი მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა მას ყაზახი მცველი წამოეწია, საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ნავალოვსკის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მან ბურთს ფეხი კარგად ვერ მიარტყა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ყაზახებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, ლორიამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამ ეპიზოდში ნავალოვსკიმ გუნდი გაშვებული გოლისაგან იხსნა.
მეორე ნახევარი ყაზახების უპირატესობით დაიწყო, მაგრამ შეხვედრაში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ფლანგზე ბურთი მიიღო, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და შესანიშნავი დარტყმით გოლი გაიტანა. 74-ე წუთზე ქართველებმა მეტოქე კონტრ-შეტევაზე დაიჭირა – ჩაკვეტაძემ ბურთი საკუთარი ნახევრიდან წამოიღო, პასი ყაზაიშვილს გაუკეთა, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია, თუმცა ბურთი ყაზახ მცველს მოხვდა და კარი ხაზი გადაკვეთა – 0:2. ამის შემდეგ თამაშში არაფერი შეცვლილა და ვაისის გუნდმა მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 9 სექტემბერს ლატვიის წინააღმდეგ თბილისში გამართავს. შეხვედრა “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.
ყაზახეთი: ერიკი, მაილი, პოსტინკოვი, კუატი, მუჟიკოვი, ისლამხანი, ჟუკოვი, სჩეტკინი, მურთაზაიევი, შომკო, ბეისებეკოვი.
საქართველო: ლორია; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ჩაკვეტაძე, მერებაშვილი, ყაზაიშვილი; ქვილითაია.