საქართველოს ნაკრებმა რუმინეთ პირველად დაამარცხა – სადებიუტო ბენეფისები!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად რუმინეთის ნაკრები 1-2 დაამარცხა. პირველი ტაიმი მოსაწყენი საყურებელი გამოდგა, თუმცა 2 დასამახსოვრებელი ეპიზოდი დაფიქსირდა. ჯარიმიდან რუმინეთმა ძელს გაარტყა ბურთი, დამატებაზე კი ლაზარე კუპატაძემ 3 მეტრიდან საოცარი ბურთი აიღო. 42-ე წუთზე კი გრიგოლ ჩაბრაძის აქტიურობის შემდეგ მსაჯმა უხეშობისთვის ფლორინ ტანასე გააძევა.
მე-2 ტაიმში რიცხობრივი უპირატესობით ვისარგებლეთ და აზაროვის პასის შემდეგ, კიტეიშვილმა რამდენიმე მეტოქე მოატყუა, ქუსლით მიქაუტაძეს დაუგდო და ჟორჟმაც შეასრულა. 5 წუთში რუმინელი შემტევი გაგვეპარა, რომელიც საბა კვირკველიამ მოჩეხა და პენალტი დაინიშნა. კვირკველია გააძევეს და პენალტი მარინმა მარცხენა მაღალ კუთხეში, ზედმეტად მაღალ კუთხეში გაუშვა და ააცილა. 5 წუთში აბურჯანიამ ლობჟანიძესთან გაითამაშა და 0-2 გახდა.
რუმინეთმა შეტევა გააძლიერა და ივანმა 79-ე წუთზე კუპატაძეს ახლო კუთხეში ძლიერად დაურტყა და პირველი გოლი შეაგდო. რუმინელებს ბევრი სხვა მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ დღეს ფორტუნა აშკარად ჩვენ მხარეს იყო და 1-2 ვიმარჯვეთ.
რუმინეთს ისტორიაში პირველად მოვუგეთ, აბუმ და ჟორჟმა სადებიუტო გოლები შეაგდეს. კუპატაძემ და აზაროვმა სადებიუტო მატჩები გამართეს.
რუმინეთი 1-2 საქართველო
გოლები: ივანი 79 – მიქაუტაძე 61, აბურჯანია 71
რუმინეთი: ვლადი – სორესკუ, ნედელკარეუ, კირიჩესი, განეა, ოლარუ – მარინი, ჰასიმი, ჰაჯი, ალიბეჩი, ტანასე
მთავარი მწვრთნელი: მირელ რადი
საქართველო: კუპატაძე – ჩაბრაძე, ხოჭოლავა, კვირკველია, აზაროვი – აბურჯანია (გვილია 80), კვეკვესკირი (კიტეიშვილი 57), დაუშვილი – შენგელია (ლობჟანიძე 57), ოქრიაშვილი (კაშია 66), მიქაუტაძე (ზივზივაძე 81)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
წითელი ბარათი: კვირკველია 64