საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან მეოთხე დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა. გუნდს ყველა ის მოთამაშე შეუერთდა,რომლებიც გასულ შაბათ-კვირას საკლუბო მატჩების გამო სანაკრებო შეკრებაზე არ იმყოფებოდნენ. მათ შორის ვაკო ყაზაიშვილი, ვაკო გვილია, ლაშა შერგელაშვილი, ლაშა დვალი, ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე. ყაზახეთის „ატირაუს“ მცველმა უჩა ლობჟანიძემ და თბილისის „დინამოს“ წევრმა ოთარ კიტეიშვილმა ტრავმების გამო დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს. შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები მომდევნო ორ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ეროვნულ გუნდს დღეს სკოპიეს „ვარდარის“ წევრი ჯაბა ჯიღაური შეუერთდა, ფეხბურთელმა ნაკრებთან სრული დატვირთვით ივარჯიშა.
დღევანდელ ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და გუნდის წევრმა ნიკა კვეკვესკირმა უპასუხეს.
ვლადიმირ ვაისი – “ვემზადებით მოლდოვასთან გასამართი რთული შეხვედრისთვის, სადაც მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულას ვგეგმავთ, თუმცა მანამდე ამხანაგური მატჩი გვაქვს ნაკლებად ნაცნობ გუნდთან, რომელიც სომხეთს ეთამაშა. ვფიქრობ, რომ საკონტროლო შეხვედრისთვის სენტ კიტსის და ნევისის გუნდი კარგი მეტოქეა. რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოძახება მომიწია, რომლებიც ახლა შეკრებაზე არიან. იცით, რომ ბევრი ტრავმირებული გვყავს. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ეს ფეხბურთელები თავს არამხოლოდ საწვრთნელ პროცესში, არამედ უშუალოდ თამაშში“.
ნიკა კვეკვესკირი – “ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. სამწუხაროდ ისე განვითარდა ბოლო დროინდელი სანაკრებო ისტორია,რომ ალბათ ცოტას თუ ახსოვს, როდის გადავაბით რამდენიმე გამარჯვება ერთმანეთს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი თამაში ამ ახალგაზრდულ გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად. რა თქმა უნდა, მთავარი მოლდოვასთან მატჩია, თუმცა სანაკრებო თამაშია და ყველა შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია , იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის,რომლებსაც დებიუტი ექნებათ და ასევე მათთვის, ვისაც არცთუ ისე ბევრი თამაში აქვს ჩატარებული და მჯერა, რომ გამარჯვების მიღწევა შეგვიძლია”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე, მაკედონია)
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი),ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)
საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს.
სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრები 6 ივნისს, ასევე 18 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს, მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშებზე დასწრება 15 წუთის განმავლობაში შეეძლებათ.
ამხანაგური მატჩი საქართველოსა და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებებს შორის, 7 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი მოლდოვასა და საქართველოს შორის, 11 ივნისს, კიშინიოვში შედგება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
Gff.Ge