საქართველოს ნაკრებს გორგოძე უკაპიტნებს – სამატჩო რაზმი რუსეთის წინააღდეგ
კვირას, 12 მარტს, 18 საათზე, “დინამო არენაზე” საქართველო რუსეთს კარგად შეზავებული გუნდით ერაგბება:
15-დან 7 დამწყებს 50-ზე მეტი კეპი აქვს მოგროვილი, სხვა 6 კი შარშან, 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა
მატჩი “რაგბი ევროპის” ჩემპიონატისაა. სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით ლიდერობს შეჯიბრს და ერთი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარს – რუმინეთს, რუსეთი კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა
წინა, ესპანეთში ბრძოლით მოგებული, თამაშიდან ბორჯღალოსანთა ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა მარგი დასკვნები გააკეთა:
8 ნომრად აღადგინა რუსთაველი ბექა გორგაძე, მარბიელებად კი დააწინაურა გიორგი ცუცქირიძე და იხმო თვით”გულივერაც” – მამუკა გორგოძე, ვინც 70-ე კეპს ხომ მიითვლის და კაპიტნობასაც ითავებს, რაკი მერაბ შარიქაძე დაშავებულია
მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა დაღვინებული მიხეილ ნარიაშვილი; კვაჭია გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე, მარჯვნივ კი დადგება არმაზში აღზრდილი ლაშა ტაბიძე, ვინაც აქამდე ორივე კეპი მარქაფიდან მიიღო
შერკინების მეორე ხაზი და გუნდის ღერძიც უცვლელია. შუამარბად – შარიქაძის ნაცვლად – დავით კაჭარავას შეუწყვილდება ნორჩი რუსთაველი გიორგი კოშაძე, მის ტოლ ირაკლი სვანიძეს (ხულიგანა | ჯიქი) კი გარემარბად ვიხილავთ
ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი, ლოგიკით, პირველ ტაიმშივე დაძლევს 800-იან მიჯნას, რადგან მის ანგარიშზე უკვე 793ქულაა
ძირძველ ლელოელებს – “მეკოსა” და “გულივერას” კარიერაში უკვე 11-ჯერ უძლევიათ რუსეთი, ყოჩი “კაჭის” ანგარიშზე კი10 გამარჯვებაა
ჩრდილოელ მეზობელს ნაკრებთა დონეზე 1993 წლიდან ვეთამაშებით და ერთობ ვჯობნით:
18 მოგება – 1 წაგება * 1 ფრე (ქულა 500:231, ლელო 55/14)
საქართველოში წინა სტუმრობაზე, შარშანწინ, დათვები “მესხზე” 0:33 დამარცხდნენ.
Rugby.Ge