საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
დღეს, დილაადრიან უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელმაც 23-29 ივლისს მონაწილეობა მიიღო ქალაქ გიორში გამართულ ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში.
თბილისის აეროპორტში ჩვენს ოლიმპიელებს დახვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები, სპორტსმენების ახლობლები.
საქართველოს გუნდმა, პირველ ყოვლისა _ ძიუდოისტთა ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლის შედეგად, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედლალი მოიპოვა და საბოლოო ცხრილში ევროპის 50 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი ერგო. 9-დან 8 მედალი, მათ შორის _ ოთხივე ოქრო სწორედ ჩვენმა ძიუდოისტებმა აიღეს, 1 ბრინჯაო კი კანოისტების ანგარიშზეა.
ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: „ძიუდოისტებისგან კარგ შედეგს მიჩვეულები ვართ, მაგრამ მათ უფრო მეტის გაკეთება შეძლეს, ვიდრე მოველოდით_როგორც ბიჭებმა, ასევე გოგონებმა საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს და მწვრთნელებთან ერთად მხოლოდ ქებას იმსახურებენ.
ახალგაზრდული ფესტივალების ისტორიას თუ გადავხედავთ, ძიუდო ჩვენთვის წამყვანი სახეობა იყო და ეს ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. კარგია, რომ ფესტივალის ბოლო დღეს კანოეშიც ავიღეთ ერთი მედალი. იმედი გვქონდა, რომ მძლეოსნობაში და სპორტულ ტანვარჯიშშიც შევძლებდით პრიზიორებში გასვლას, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გამართლდა. ჩვენი რამდენიმე სპორტსმენი ათეულში კი მოხვდა, თუმცა, ალბათ, მეტიც შეიძლებოდა.
მთლიანობაში, ცხადია, შედეგებით კმაყოფილი ვარ. საერთო ჩათვლაში ჩვენ გავასწარით არაერთ წარმატებულ სპორტულ ქვეყანას, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ავსტრიას, შვეიცარიას, უკრაინას, ბელორუსს… ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. მაგალითად, აზერბაიჯანელებმა მხოლოდ თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, სომხები კი საერთოდ უმედლოდ დარჩნენ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადებას და შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს მაღალი შედეგების მოსაპოვებლად. წლევანდელი საფესტივალო პროგრამაც უშურველად დავაფინანსეთ და ჩვენი წლიური ბიუჯეტის ლამის ნახევარი ამ საქმეს მოვახმარეთ. კარგია, რომ სპორტულ ფედერაციებთან ერთად გაწეულმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო.“
ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური