საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გაცილების და ფიცის დადების ცერემონიალი ოლიმპიურ პარკში
23 ივლისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიურ პარკში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაცილებისა და ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
გაცილების ცერემონიალზე ქართველ ოლიმპიელებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა სისერო მარტინს გარსიამ და ცნობილმა მსახიობმა კახი კავსაძემ, რომლებმაც სპორტსმენებს რიო დე ჟანეიროში წარმატება და ღირსეული ასპარეზობა უსურვეს.
ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქალაქის მერი დავით ნარმანია, ოლიმპიური დელეგაციის წევრები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები.
ოლიმპიელთა სახელით, ჟურნალისტებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი წარდგა, ოლიმპიური ფიცი კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წაიკითხა.
ქართველი ოლიმპილეები გაცილების ცერემონიალზე “სამოსელი პირველის” მიერ შეკერილი კოსტიუმებით იყვნენ წარმოდგენილნი, საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, 5 ივლისს “მარაკანას” სტადიონზე სწორედ ამ ფორმით გამოვა, ოლიმპიური გუნდის მედროშე კი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი იქნება.
ოლიმპიური პარკიდან, საქართველოს დელეგაციის წევრებმა საპატრიარქოში გადაინაცვლეს, სადაც ოლიმპიური გუნდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი იასპარეზებს (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).
ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია – ნინო სალუქვაძე (1988 სეული) და ლაშა შავდათუაშვილი (2012 ლონდონი), 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვე 12 სპორტსმენს. მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე – მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე – ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა და შვილი.
ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებს დელეგაციის 76 წევრი. სოფელს გარეთ – 6 წევრი. საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებულია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი. 5 აგვისტოდან ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.
საქართველოს დელეგაციის წევრები რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს 09:30 წუთზე, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს სტადიონ “მარაკანაზე” ჩატარდება.