საქართველოს ორმა ლამაზმა გოლმა ვერ უშველა
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანელ თანატოლებს უმასპინძლა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.
უკვე მე-2 წუთზე მარჯვენა ფლანგზე მანიკიომ პასით დელოფეუ მოამარაგა, ეს უკანასკვნელი ქართველთა საჯარიმოში შევიდა და მუნირის მიმართლებით ჩააწოდა, რომელიც მასპინძელთა მცველებზე გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა და გოლის გატანა არ გასჭირვებია. საბედნიეროდ, ორ წუთში მათე ცინცაძემ საჯარიმოს დარტყმის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარის ბადეში აღმოჩნდა – 1:1.
ზოგადად, ჩვენი ნაკრებისთვის ფლანგზე დელოფეუ ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა, მცველებს მისი შეჩერება უჭირდათ, რაც არაერთხელ დადასტურდა. მე-9 წუთზე ესპანელთა შვიდი ნომერი ჩვენს საჯარიმოშ კვლავ შეიჭრა, თუმცა მისი პასი უმისამართო გამოდგა.
მე-14 წუთზე სამუელ კასტილიეხოს დარტყმა ქურდაძის კარს ასცდა. 28-ე წუთზე გოშთელიანი მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მცველებმა მას ბურთი აართვეს და ვერც დარტყმის საშუალება მისცეს. ცოტა ხანში მარჯვენა ფლანგიდან ესპანელთა საჯარიმოში ფანცულაიაც შევიდა, მისი არც ისე ძლიერი დარტყმული სტუმართა კიპერმა კეპა არისაბალაგამ მშვიდად აიღო. 39-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილი ცენტრიდან მეტოქის ნახევარზე სწრაფად დაიძრა და შეტევის გასამწვავებლად რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ პასს „დინამოს“ მოთამაშემ შორიდან კარში დარტყმა ამჯობინა, ესპანელთა მეკარისთვის პრობლემა არც ამ ბურთის აღება ყოფილა. ტაიმის ბოლოს ცინცაძემ მეტოქესთან შეჯახებისას დაშავდა და სამწვრთნელო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. საბედნიეროდ, მათემ თამაშის გაგრძელება მოახერხა და მოედანზე რამდენიმე წუთში დაბრუნდა.
მეორე ნახევარში ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა გაცილელებით ცუდად ითამაშა, რაც ანგარიშზეც აისახა. 57-ე წუთზე ელ ჰადადის სამმა მცველმა დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა, რომ არა ქურდაძის ლამაზი სეივი, ესპანელები დაწინაურდებოდნენ. მანამდე ორი წუთით ადრე მასპინძლებმა პირველი ცვლილება გამოიყენეს – ლევან შენგელიას ადგილი საბა ლობჟანიძემ დაიკავა. როგორც სულ ცოტახანში გაირკვა, ამ ცვლილებამ შედეგი გამოიღო.
მე-60 წუთზე ლობჟანიძემ ფლანგიდან შორიდან ძლიერად და ზუსტად დააარტყა – 2:1. ორ წუთში პირველ ტაიმში მოხმდარი განმეორდა, მაგრამ ამჯერად ანგარიშის გათანაბრება ესპანელებს მოუწიათ, ფლანგიდან ჩაწოდებული ასენსიომ თავური დარტყმითა და გოლით დააგვირგვინა – 2:2.
67-ე წუთზე ბორხა მაიორალს ქართველთა საჯარიმოში შესვლა და ზუსტად დარტყმა არ გასჭირვებია – სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. შვიდ წუთში მცველებმა ვერც ელ ჰადადის შეჩერება შეძლეს – 2:4. ცოტახანში ქართველებს დელოფეუც გაეპარათ, თუმცა ქურდაძესთან პირისპირ დარჩენილმა ესპანელმა ქართველ მეკარეს ვერ აჯობა. დარჩენილ დროში ქართველებს შეტევაში ვერაფერი გამოსდიოდათ, მასპინძლები მეტოქის კარის მიმართლებით დარტყმებითაც კი ვერ გამორჩეულან. 90-ე წუთზე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დანი სებალოსმა დააფიქსირა.
ამრიგად, ესპანეთმა სამი ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს, ჩივაძს გუნდი სამი ქულით მეოთხე ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა ჩვენს გუნდს 13 ოქტომბერს ესტონელ თანატოლებთან უწევს. მატჩი კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველო U21 – ესპანეთი U21 2:5
გოლები: ცინცაძე 4′, ლობჟანიძე 60′ – მუნირი 2′, ასენსიო 62′, მაიორალი 67′, მუნირი 73′, სებალოსი 90′
საქართველო: ქურდაძე, ცნობილაძე, დვალი, გეგეჩკორი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, ფანცულაია (ერისთავი 80′), შენგელია (ლობჟანიძე 55′), კიტეიშვილი (გოროზია 70′), გოშთელიანი.
ესპანეთი: არიაზაბალაგა, დუარტე, ვალეხო, მერე, მანკილიო, ასენსიო, საული, ო.ტორესი, ელ ჰადადი (სებალიოსი 77′), კასტილიეხო (მეიორალი 61′), დეულოფეუ (როდრგესი 84′).
გაფრთხილება: ცინცაძე 79′