საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ითანამშრომლებენ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს შორის გაფორმებული ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, სამოყვარულო და ბავშვთა ფეხბურთში ჩართული პირები სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ქსელში სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.
თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ლევან გიორგაძემ მოაწერეს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს ძლიერი პარტნიორი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის სახით, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მიმართულებების – სამოყვარულო ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის მხარდამჭერია. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობით ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმნიშვნელოვანეს გათამაშებას – „მოყვარულთა თასს“ და ასევე 10-წლამდე საფეხბურთო სკოლაში რეგისტრირებულ ბავშვთა მშობლები, სოკარისგან სპეციალურ ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენთვის ადამიანების ფეხბურთში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ ფეხბურთის მასობრიობა არის მყარი საფუძვლისა და მომავალი წარმატების საწინდარი,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
თანამშრომლობის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება ლევან გიორგაძემ, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა: „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ფეხბურთის ფედერაციასთან და ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოყვარულთა თასის მონაწილეებსა და 10 წლამდე ფეხბურთელი ბავშვების მშობლებს გადავცემთ 15 თეთრიან ფასდაკლების ბარათს ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე,”-აღნიშნა მან.
მემორანდუმის თანახმად, პირველი პროექტი, რომელსაც სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელებს, ორი განსხვავებული ტიპის ფასდაკლების ბარათის შექმნას გულისხმობს. ბარათებს, შესაბამისად, სამოყვარულო ფეხბურთში ჩართული ადამიანები, კერძოდ კი ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი პროექტის „მოყვარულთა თასის“ მოთამაშეები და 10- წლამდე იმ ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც საფეხბურთო სკოლაში ირიცხებიან.
ორივე ბარათის მომხმარებლები სოკარის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე 15-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.
Gff Ge