საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პარტნიორი ჰყავს – MY WAY AIRLINES ნაკრების ოფიციალური გადამყვანია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მომავლის ნაკრების წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ფეხბურთის ფედერაციის 2026 წლის ხედვის საუკეთესო თერთმეტეულის მოთამაშეს – კომერციულ სექტორს ავიაკომპანია “მაივეი ეარლაინს“ გააძლიერებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ შორის მიღწეული შეთანხმებით, ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გადამყვანი იქნება.
17 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ ხელმძღვანელებს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლა და თანამშრომლობის აღსანიშნავად კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა. სიმბოლური საჩუქარი მიიღო ახალი პარტნიორისგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც.
„მოხარულები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციას ახალი, ძლიერი პარტნიორი ჰყავს. მიმაჩნია, რომ ეს დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. ჩვენი პარტნიორობა უპირველესად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოადგება. ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევუქმნათ სათანადო პირობები ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას და მოხარული ვარ, რომ კომერციული სექტორი ამ მიდგომას აფასებს.“- აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.
თანამშრომლობის დაწყება დადებითად შეაფასა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და მომავალი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაც აღნიშნა.
ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“ კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა: „დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ოფიციალურად ვხდებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორები. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან წარმატებული ურთიერთობის დასაწყისი იქნება და ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ სწორედ ჩვენ მოვემსახურებით ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს.“- აღნიშნა მან.
Gff.Ge