საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და VTB-ბანკს შორის ხელშეკრულება 2 წლით გაგრძელდა (ვიდეო)
“ვითიბი ბანკი” საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება. მხარეებს შორის შეთანხმებას ხელი ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა და “ვითიბი ბანკის” ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა მოაწერეს.
პარტნიორებმა გასული თანამშრომლობა შეაფასეს და მომავალი 2 წლის მოლოდინებზე ისაუბრეს.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენი წარსული თანამშრომლობა სასიამოვნო გამოცდილებად იქცა ორივე მხარისთვის და სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ურთიერთობის გაგრძელებაზე შევთანხმდით. სასიამოვნოა, რომ ვითიბი ბანკი კვლავ ჩვენი პარტნიორი იქნება და ერთობლივად გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას”,- განაცხადა ლევან კობიაშვილმა
“ვითიბი ბანკი” კვლავ იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ გზით, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ფეხბურთის განვითარებაში. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორს – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთს”,- აღნიშნა “ვითიბი ბანკის” ფინანსურმა დირექტორმა მამუკა მენთეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ვითიბი ბანკი” 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
სფფ-ის პრესსამსახური