საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრებს 15 და 18 ნოემბერს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები სომხეთისა და ესტონეთის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.
სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა აღნიშნული მატჩების მასპინძელი სტადიონის შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სურვილი იყო, რომ მატჩები ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულიყო. რის შესახებაც მიმდინარე წლის ზაფხულში ეცნობა უეფას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მასპინძელი სტადიონის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არსებული ვითარების გათვალისწინებითა და უეფასთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში მიიღებს.
💬 დავით მუჯირი – სფფ-ის გენერალური მდივანი: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სურვილია, რომ ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გათამაშების დასკვნითი ორი ტური, სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ბათუმში გავმართოთ. ამის შესახებ ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ იმ ვადებში, რომლებიც დადგენილია უეფას მიერ, უფრო კონკრეტულად ეს მოხდა ზაფხულში.
იმისთვის, რომ ახალ სტადიონზე ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშოს გარკვეული პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ იმაზე დაკვირვებით თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში. როგორ მოხერხდება ყველა იმ პროცედურის შესრულება, რომელიც სტადიონის გახსნისთვის აუცილებელია, მათ შორის, სატესტოდ მატჩის გამართვა.
დღევანდელი მდგომარეობით, ეს ინფორმაცია არსებობს იმიტომ, რომ რეგულაციების შესაბამისად, წინასწარ ვაცნობეთ უეფას ჩვენი სურვილის შესახებ, რომ სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩების მასპინძლობა ბათუმში გვსურს.”
უცვლელი რჩება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი სტადიონი. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ნოემბრის თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.